მანეჟის თეატრი, დროებითი სათეატრო ნაგებობა ძველ თბილისში. 1845 კავკ. მეფისნაცვლის, მ. ვორონცოვის განკარგულებით სახაზინო მანეჟი, ანუ ცხენების სახედნი შენობა თეატრად გადაკეთდა სტავროპოლიდან ჩამოსული თეატრ. დასის წარმოდგენების ჩასატარებლად (ხელმძღვ. გ. იაცენკო). თბილისის საპატიო მოქალაქეებისგან შეიქმნა თეატრის დირექცია (მ. შ. იყო ა. ჭავჭავაძე). თეატრი მდებარეობდა ერმოლოვის ქუჩაზე (ახლანდ. 9 აპრილის ქუჩა). მაყურებელთა დარბაზი 340 კაცს იტევდა. იდგმებოდა უკრაინული მუს. სპექტაკლები („შელმენკო“, „ნატალკა პოლტავკა“ და სხვ.). სპექტაკლების დაწყებამდე უკრავდნენ უვერტიურას დ. ობერის ოპერიდან „ფიორელა“. რეპერტუარში უმთავრესად კომედიური ჟანრის მუს. ნაწარმოებები შედიოდა: ვოდევილები, კომედიები, მალოროსიული პიესები კუპლეტებითა და ცეკვებით. მუსიკის თანხლების აუცილებლობის გამო საჭირო გახდა ორკესტრის შექმნა. ამ უკანასკნელმა პატარა სიმფ. ორკესტრსაც ჩაუყარა საფუძველი, რ-იც ერთ-ერთი პირველი იყო ძვ. თბილისში. 1851-იდან მ. თ-ში იმართებოდა გ. ერისთავის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი წარმოდგენებიც („გაყრა“, „დავა“, „თილისმის ხანი“), აგრეთვე ზ. ანტონოვის „ქმარი ხუთი ცოლისა“ და სხვ.