მანია გვანჯი მიხეილის ძე (29. V. 1918, სოფ. ეწერა, ახლანდ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, – 16. IX. 1985, თბილისი), მათემატიკოსი, საქართველოში ალბათურ-სტატისტიკური სკოლის ფუძემდებელი, ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1963), პროფესორი (1964), მეცნ. დამს. მოღვაწე (1980). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტი (1940). მუშაობდა ზუგდიდის სამასწავლებლო ინ-ტში ასისტენტად (1940–45), მოსკოვის პოტიომკინის სახ. (1946–49) და გორის (1949–50) პედ. ინ-ტებში, სპი-ში (ახლანდ. სტუ) დოცენტის თანამდებობაზე (1950–53), ა. რაზმაძის სახ. თბილ. მათ. ინ-ტში უფრ. მეცნ. თანამშრომლად (1950–53). საქართვ. მეცნ. აკადემიის ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლით ცენტრში დირექტორის მოადგილედ სამეცნ. დარგში (1956–64); თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტში (1966–72).
მ-მ დიდი წვლილი შეიტანა თბილისში პირველი გამოთვლითი ცენტრისა და გამოყენებითი მათ. ინ-ტის ჩამოყალიბებაში. მ-ს თაოსნობით თსუ-ში დაფუძნდა ალბათობის თეორიისა და მათ. სტატისტიკის კათედრა (1968), რ-საც თავად ხელმძღვანელობდა (1985-მდე); მ-მ დაადგინა ზოგიერთი მნიშვნელოვანი სტატისტიკის ზღვრული განაწილება (მოგვიანებით მანვე მოახდინა ამ სტატისტიკათა ზღვრული განაწილების ტაბულირება). სამეცნ. ლიტ-რაში მის მიერ შემოღებულ სტატისტიკებს (კრიტერიუმებს) მ-ს სახელით მოიხსენიებენ. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის, მ. შ. ალბათობის და სტატისტიკის დარგში პირველი ქართ. სახელმძღვანელოებისა და მონოგრაფიების ავტორი; იყო საერთაშ. სტატისტიკურ ინ-ტთან არსებული ბერნულისა (1969-იდან) და ამერიკის მათ. საზ-ბების ასევე საერთაშ. ჟურნ. „Statistics“-ის სარედაქციო კოლეგიის წევრი, ეწეოდა ნაყოფიერ პედ. მოღვაწეობას. მიღებული აქვს სამთავრობო ჯილდო.
ო. ფურთუხია