მანიქეიზმი, მანიქეველობა, რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება. წარმოიშვა III ს. სპარსეთში, რ-იც შემდეგ გავრცელდა ინდოეთში, ჩინეთში, რომის იმპერიაში და სხვ. მ. შეიცავს ზოროასტრიზმის, ბუდიზმისა და ქრისტიანობის ელემენტებს. ის მიეკუთვნება დუალისტურ რელიგიებს, რ-ებიც სიკეთისა და ბოროტების მარადიულ ურთიერთდაპირისპირებაზე მიუთითებენ. მ-ს ზოგჯერ მცდარად თვლიდნენ ქრისტ. ერესად. როგორც ცნობილია, ქრისტ. ეკლესიის გამოჩენილი მოღვაწე, ნეტარი ავგუსტინე ახალგაზრდობაში ცხრა წლის განმავლობაში სწორედ მ-ის მიმდევარი იყო.
მ-ის კვალი საქართველოშიც იძებნება. გადმოცემის მიხედვით, ამ მიმდინარეობის ფუძემდებელი ირანელი წინასწარმეტყველი მანი (216–277) და ქართლის მეფე ამაზასპი ერთმანეთს შეხვედრიან. ქართლის მეფემ მოიწონა და, შესაძლოა, გაიზიარა კიდეც ამ რელიგიის მთავარი დებულებები. V ს. I ნახ-ში მანიქეველობას აღიარებდა ქართლის ეპისკოპოსი მობიდანიც (წარმოშობით სირიელი). ქართველ მკვლევართა მითითებით (შ. ნუცუბიძე, პ. ინგოროყვა, ი. ჯავახიშვილი), მობიდანის მიერ საქართველოში გავრცელებული მოძღვრება უფრო მ-ისა და ქრისტიანობის ნაზავს წარმოადგენდა, ვიდრე სუფთა მ-ს. მოგვიანებით, საქართვ. მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღნიშნული რელიგია ერესად გამოაცხადა.
ლიტ.: თათარაშვილი თ., მანიქეველობა საქართველოში, „რელიგიის ისტორიის საკითხები“, 2013, №2; კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1., თბ., 1980; ნუცუბიძე შ., მანიქეველობა საქართველოში და რუსთაველის შემოქმედება, „მნათობი“, 1962, №10; ქეცბაია კ., ქრისტიანული მონისტური ფილოსოფიის ბრძოლა მანიქეველთა დუალიზმის წინააღმდეგ საქართველოში, „რელიგია“ 1999, №7-8-9; Gardner I.,; The Founder of Manichaeism Rethinking the Life of Mani; Cambridge: CUP 2020; Lieu S., „Manichaeism“, The Oxford Handbook of Early Christian Studies. Edited by Susan Ashbrook Harvey and David G. Hunter. Oxford: OUP, 2008; Manicheism (Multiple Authors), Encyclopædia Iranica, online edition, 2014.
დ. თინიკაშვილი