მანუფაქტურა

მანუფაქტურა (ლათ. manufactura, manus – ხელი და factura – დამზადება), საწარმო, რომელიც დაფუძნებულია ხელით შრომასა და ხელოსნურ ტექნიკაზე. მრეწველობის განვითარების სტადია, რ-იც წინ უძღვოდა ორთქლის მანქანების გამოყენებას.

მ. ჩამოყალიბდა სხვადასხვა სპეციალობის ხელოსანთა გაერთიანებით, რ-თა ერთობლივი შრომის შედეგად პროდუქტი დასრულებული სახით მზადდებოდა, ასევე ერთი სპეციალობის ხელოსანთა გაერთიანებით, რ-ებიც ნახევარფაბრიკატებს ამზადებდნენ. არსებობდა მ–ის 3 ფორმა: დანაწევრებული (აერთიანებდა ხელოსნებს, რ-ებიც საოჯახო სახელოსნოებში შრომობდნენ); ცენტრალიზებული (ერთ სახელოსნოში გაერთიანებული ხელოსნები); შერეული (ვიწრო სპეციალიზაციის ხელოსნები, რ-ებიც შინ ამზადებდნენ ცალკეულ ნაწილებს და სახელოსნოში პროდუქციას საბოლოო სახეს აძლევდნენ).

მ. განაპირობებდა შრომის საზოგადოებრივი დანაწილების გაღრმავებას, მწარმოებლურობის ამაღლებას; შრომის პროცესში გამოყენებული ხელსაწყოების გაუმჯობესებას; იძლეოდა დამხმარე მექანიზმების, წყლის ენერგიისა და სხვათა ფართოდ გამოყენების შესაძლებლობას. ამასთანავე, მ-მ მიმდინარე სამრეწვ. რევოლუციის შედეგად შექმნა წანამძღვრები მსხვილ სამრეწვ. წარმოებაზე გადასასვლელად, რ-იც ორთქლის მანქანების გამოყენებას ემყარებოდა.

დას. ევროპის ქვეყნებში მ. წარმოიშვა XVI ს. შუა პერიოდში, კაპიტალის პირველადი დაგროვების დროს როგორც შიგა, ისე გარე ბაზარზე ცალკეული სახეობის პროდუქციაზე მასობრივი მოთხოვნის გაჩენის შედეგად. მთავარი როლი წარმოებაში მ-მ XVII–XIX სს. მიჯნაზე შეასრულა. ყველაზე მსხვილი მ–ები (ხშირად სახელმწ., სახაზინო) მოქმედებდნენ გემთმშენებლობაში, რკინისა და სპილენძის სადნობ წარმოებაში, ლითონდამუშავებაში (ზარბაზნების, თოფებისა და სხვა სახეობის იარაღის დამზადება), მარილსახდელების, დენთის, ქსოვილის, მინის, ქაღალდის, შაქრის, თამბაქოს, ფაიფურის, მაქმანების, გობელენების, ფუფუნების საგნების წარმოებაში, წიგნის ბეჭდვაში. ითვლება, რომ კლასიკური ფორმით მ-ის განვითარების პროცესი წარიმართა დიდ ბრიტანეთში, სადაც მისი სამივე ფორმა ფართოდ გავრცელდა. გამონაკლისის სახით ამჟამად არსებობს მ-ის ტიპის ძვირადღირებულ ნაკეთობათა საწარმოები, მაგ., ფრანგ. ფირმა „ჰერმესი` (მოდის სახლი), რ-იც ჯერ კიდევ იყენებს შრომის დანაწილებასა და შინ მუშაობას. ფირმის პროდუქცია თითქმის მთლიანად ხელით მზადდება (აბრეშუმის ხელსახოცები, შარფები, ჩანთები და სხვ.), რაც ხარისხისა და უნიკალურობის გარანტიას იძლევა.

საქართველოში მანუფაქტურული საწარმოები დაგვიანებით, მსხვილი სახელმწ. და კერძო საწარმოების სახით შეიქმნა. მათი ჩამოყალიბება სპეციფიკური გარემოებით, კერძოდ, საჭირო ფინანს. ბაზის მხოლოდ შინაგანი რესურსების მაქს. მობილიზების ხარჯზე შექმნის აუცილებლობით იყო განპირობებული. 1763 ფუნქციონირება დაიწყო ახტალის ვერცხლის და დამბლუდის სპილენძის სადნობმა საწარმოებმა. 1770 მათ მიემატა ალავერდისა და შამბლუღის სპილენძის სადნობი საწარმოები. ბოლნისის მიმდებარედ და ქვემო ქართლის სხვა ადგილებში რკინის მადანსაც ამუშავებდნენ. ამავე პერიოდში ამოქმედდა ლითონის ჩამოსასხმელი, ჭურჭლეულის, ზარბაზნების, მორტირებისა და ყუმბარების, ასევე ზარაფხანა, სტამბა, მარილსახდელი, თამბაქოს, მინის, საპნისა და სხვა სახელმწ. საწარმოები. სახელმწ. ხელშეწყობით იქმნებოდა შედარებით მსხვილი კერძო მანუფაქტურული საწარმოებიც. XVIII–XIX სს. მიჯნაზე თბილისში შეიქმნა ჭურჭლის, აგურის, ზეთსახდელი, ტყავის დამამუშავებელი მანუფაქტურული საწარმოები, მნიშვნელოვნად განვითარდა საფეიქრო წარმოება, უმეტესად კი – ბამბის ქსოვილების დამზადება, გაიზარდა სამღებროების რაოდენობა.

დღეს საქართველოში არამატერიალური კულტ. მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად მანუფაქტურული წარმოება გამოიყენება ტრად. რეწვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა ხელნაკეთი ხალიჩებისა და ეროვნ. სამოსის ქსოვა, ხატების, ქოთნების, ჩანთების წარმოება, საიუველირო ნაწარმის, კერამ. და მინანქრის ნაკეთობების დამზადება, ტყავის, ხის, ლითონისა და ქვის/ძვლის დამუშავება და სხვ.

ლიტ.: გოგოლაძე დ., სამთამადნო, სამთო-საქარხნო მრეწველობა საქართველოში და კაპიტალიზმის გენეზისის ზოგიერთი საკითხი, თბ., 1966; გუგუშვილი პ., საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX–XX საუკუნეებში, ტ. 7, თბ., 1984; თაბუაშვილი ა., ფეოდალური ხანის საქართველოს ეკონომიკური ისტორია, თბ., 2020; სმიტი ა., გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ (ინგლ. თარგმნა ფ. გოგიჩაიშვილმა), თბ., 1938.

შ. ვეშაპიძე