ევრო (ვალუტის ნიშანი – €, საბანკო კოდი – EUR), ევროზონის 17 ქვეყნის (ავსტრია, ბელგია, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, ესპანეთი, იტალია, კვიპროსი, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პორტუგალია, სლოვენია, სლოვაკია, ფინეთი, საფრანგეთი, ესტონეთი) ოფიციალური ვალუტა (2011 წ. 1 იანვრისთვის). ე. ასევე გამოიყენება სხვა სახელმწიფოებშიც. მას ოფიციალურად იყენებს ვატიკანი, მონაკო, სანმარინო და სხვა ქვეყნები, არაოფიციალურად – ანდორა, კოსოვო, ჩერნოგორია და სხვ. 2006 წ. დეკემბრისათვის ნაღდ მიმოქცევაში იყო 610 მლრდ. ე. და მას მსოფლიოში ცირკულირებად ვალუტებს შორის აშშ დოლარის შემდეგ მეორე ადგილი უკავია. ე., როგორც საანგარიშსწორებო ვალუტა, შემოღებულ იქნა 1999 წ., მიმოქცევაში გაშვებულ იქნა 2002 წ. 1 იანვარს. მან შეცვალა ევროპული სავალუტო სისტემა (ეკიუ), რ-იც გამოიყენებოდა 1979- იდან 1998-მდე. ე. იმართება და ადმინისტრირდება ევროპული ცენტრალური ბანკის (ეცბ, მდებარეობს ქ. ფრანკფურტში) და ცენტრალური ბანკების ევროპული სისტემის (ცბეს) მიერ, სადაც გაერთიანებულია ევროზონის ქვეყნების ცენტრ. ბანკები. ეცბ არის დამოუკიდებელი ცენტრ. ბანკი და უფლებამოსილია განსაზღვროს ევროზონის მონეტარული პოლიტიკა. ცბეს უზრუნველყოფს ე-ს ბანკნოტების ბეჭდვას და მონეტების მოჭრას, ანაწილებს ნაღდ ფულს ევროზონის ქვეყნებს შორის. ე. შედგება 100 ცენტისაგან (ხშირად ევროცენტსაც უწოდებენ). იბეჭდება 5; 10; 20; 50; 100; 200; 500-ევროიანი ბანკნოტები, ხოლო იჭრება 0,01; 0,02; 0,05; 0,10; 0,20; 0,50; 1; 2 ნომინალის მონეტები. ბანკნოტები ძირითადად იბეჭდება მოყვითალო ფერისა ლურჯ ფონზე. ნომინალების მიხედვით ბანკნოტები განსხვავებული სიდიდისა და ფერისაა. დიზაინის ვარიანტი შეირჩა გამოკითხვის წესით. მონეტები ძირითადად მზადდება სპილენძით დაფარული ფოლადისაგან. 1 და 2- ე-იანი მონეტები იჭრება სპილენძ-ნიკელის ნადნობისაგან, რ-იც გარედან მონიკელებულია. ევროზონის თითოეულ ქვეყანას გააჩნია მონეტის საკუთარი დიზაინი. მის ერთ მხარეს გამოსახულია ნომინალი, მეორე მხარეს – 12 ვარსკვლავი და ევროზონის ქვეყნების სხვადასხვა ნახატები. ე. შემოღებულ იქნა რეფერენდუმის წესით. შვედეთმა, დანიამ და დიდმა ბრიტანეთმა ეროვნული ვალუტის შეცვლისაგან თავი შეიკავეს. ლატვია, ლიტვა, ბულგარეთი, რუმინეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, ჩერნოგორია და კოსოვო უახლოეს მომავალში გეგმავენ ე-ს შემოღებას. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი ე. თავისუფლად იცვლება ქართ. და უცხოურ ვალუტებზე. 2012 წ. 1 იანვრისათვის 2,16 ლარი იცვლებოდა ერთ ე-ზე.
ი. მესხია