მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი რ. დვალის სახელობისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. დაარსდა 1959 რ. დვალისა და ვ. მახალდიანის თაოსნობით და ეწოდა მანქანათმცოდნეობის ინ-ტი. დაარსების პირველი წლებიდან დღემდე ინ-ტის ძირითადი მიმართულებებია თეორიული და ექსპერიმენტული კვლევები მექანიკასა და მანქანათმშენებლობაში, მანქანათა დინამიკაში, თბოენერგეტიკული ძრავებისა და მობილური მანქანების დარგებში.
რ. დვალის, ვ. მახალდიანის, ი. ჯებაშვილის ხელმძღვანელობით შესრულდა შიგაწვის ძრავისა და მათში მიმდინარე პროცესების მნიშვნელოვანი კვლევები; მანქანათმშენებლობის დარგში რ. ადამიას ხელმძღვანელობით განვითარდა ახ. სამეცნ. მიმართულება – მძიმე მანქანების ოპტიმიზაციური სინთეზი; მ. ხვინგიას ხელმძღვანელობით შესრულდა კვლევები ვიბრაციულ ტექნიკაში, მანქანათა დინამიკაში, ბიომექანიკაში, დამუშავდა მაღალი მწარმოებლობის ენერგოდამზოგველი ვიბრომანქანები; მობილური მანქანების განყ-ბის თანამშრომლებმა შეასრულეს სხვადასხვა ტიპის მობილური მანქანების თეორიის, კონსტრუქციის, მათი გამოცდისა და მართვის კვლევები. ჩატარებული კვლევების შედეგები გამოქვეყნდა მრავალ სამეცნ. ნაშრომში, მ. შ. მონოგრაფიებში, დაპატენტდა ინ-ტის მეცნიერთა მრავალი გამოგონება.
ამჟამად ინ-ტში (2006-იდან დირექტორი – თ. ნატრიაშვილი) არის მანქანათმშენებლობის, თბოენერგეტიკული დანადგარების, მანქანათა დინამიკისა და მობილური მანქანების განყ-ბები. მიმდინარეობს სამეცნ. კვლევები როგორც ფუნდამენტურ, ისე გამოყენებით პრობლემებზე მექანიკასა და მანქანათმშენებლობაში, მუშავდება ინოვაციური ტექნოლოგიები, მ. შ. სატრანსპორტო საშუალებებისთვის. სადღეისოდ მ. მ. ი-ის ძირითად სამეცნ. მიმართულებებში შედის: მანქანებში დინამ. პროცესების მათ. მოდელირება; ახალი ლითონ- და ენერგოდამზოგველი მანქანების, დანადგარებისა და ტექნოლოგიების დამუშავება და დაპროექტება; მანქანებისა და აგრეგატების ხანგამძლეობისა და საიმედოობის საკითხები; ხახუნისა და ცვეთის პრობლემები; მანქანათმშენებლობისათვის ახალი პოლიმერული კომპოზიციური მასალებისა და მათი მიღების ტექნოლოგიების დამუშავება; მრავალფუნქციური მობილური რობოტების დამუშავება; ავტომობილებისა და სპეცდანიშნულების მანქანების გამოცდები; სპეცდანიშნულების სატრანსპორტო საშუალებების გამოცდების სტანდარტებისა და მეთოდიკების ქართ. ანალოგების დამუშავება და სხვ.
მ. მ. ი. თანამშრომლობს მსოფლიოს მრავალ სამეცნ. ცენტრთან.
თ. ნატრიაშვილი