მანქანური თარგმნა (ავტომატური თარგმნა), თარგმნა ერთი ენიდან მეორეზე კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით. თარგმნისათვის კომპიუტერის გამოყენების იდეა გაჩნდა აშშ-ში პირველი კომპიუტერების გამოჩენისთანავე (1947). მ. თ-ის პირველი საჯარო დემონსტრირება ჩატარდა აშშ-ში (ე. წ. ჯორჯთაუნის ექსპერიმენტი; 1954). ამ ექსპერიმენტმა მსოფლიოში დიდი გამოხმაურება პოვა, მიუხედავად მისი პრიმიტიულობისა (250 სიტყვისაგან შემდგარი ლექსიკონი, 6 წესის გრამატიკა, რამდენიმე მარტივი ფრაზის თარგმნა). მალე მ. თ-ის შექმნაზე დაიწყეს მუშაობა იტალიაში, საფრანგეთში, გფრ-ში, იაპონიაში, ჩინეთში, სსრკ-სა და სხვა ქვეყნებში.
საქართველოში – მართვის სისტემების ინსტიტუტში (მსი), ვ. ჭიჭინაძის ინიციატივითა და ა. ელიაშვილის მხარდაჭერით შეიქმნა ახალგაზრდების ჯგუფი, რ-საც დაევალა მ. თ-ის შექმნა. ჯგუფის წევრებს მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ მოსკოვში ამ დარგის ცნობილ მეცნიერებთან: ი. მელჩუკთან, ლ. იორდანსკაიასთან, ი. აპრესიანთან, ნ. ლეონტიევთან, ო. კულაგინასთან და სხვ. XX ს. 60-იან წლებში შეიქმნა მათ. და ტექ. ტექსტებზე ორიენტირებული რუს.-ქართული ტექსტის ალგორითმი (ავტორები: გ. ჩიკოიძე, ლ. მარგველანი, ლ. თამარაშვილი, ჯ. ჯაფარიძე, მ. ბარბაქაძე – პროგრამული უზრუნველყოფა). რადგან თარგმნის ეს სისტემა სსრკ-ში ერთ-ერთი პირველი იყო, ისინი მ. თ. დარგის პიონერებად აღიარეს. შემდგომ ამ ჯგუფის ბაზაზე მსი-ში შეიქმნა მ. თ-ის განყ-ბა, რ-შიც დღემდე გრძელდება მუშაობა.
მ. თ-ის მსოფლიოს წამყვან მეცნიერთა აზრით ფართო სპექტრის ტექსტების სრულფასოვანი თარგმნისათვის აუცილებელია ენის ლინგვისტური, ანუ სინტაქსური და მორფოლოგიური ცოდნის გაერთიანება სტატისტიკაზე დაფუძნებულ სისტემებთან. 2018-იდან მსი-ში ენის მოდელირების განყ-ბის ხელმძღვნელის, ლ. ლორთქიფანიძის ავტორობით შეიქმნა ენის ავტომატური დამუშავების სისტემები და პროგრამული პროდუქტები: თანამედროვე ქართ. ენის მორფოლ. ლექსიკონი; ენის მორფოლ. მულტიენობრივი კომპაილერი; კონკორდანსების შედგენის ნახევრად ავტომატური სისტემა; მულტიენობრივი ლექსიკური მთარგმნელის კომპაილერი.
ლ. ლორთქიფანიძე