მანჭკვალა (Armillariella mellea), ქუდიანი სოკო ტრიქოლომასებრთა ოჯახისა. ნაყოფსხეული შედგება ყვითელი ან მოყვითალო-ყავისფერი ქუდისა და ფეხისაგან. ქუდს ზედა მხარეს მურა ქერცლები აქვს, ქვედა მხარეს კი – მოთეთრო-მოყვითალო ფირფიტები. ფეხი საყელოიანია. იზრდება ჯგუფებად ცოცხალი ან გამხმარი ხეების ფესვებსა და ძირებზე გამოდის შემოდგომით, იშვიათად – ზაფხულში. საჭმელად იყენებენ ნედლს, დამწნილებულს ან დამუჟუჟებულს. პარაზიტია. აავადებს და ალპობს წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე-მცენარეებისა და ბუჩქების ფესვებს. ბაღ-ვენახებში დაავადებული კერების ირგვლივ საჭიროა ნიადაგის დეზინფექცია (10 მ რადიუსით).
ი. ნახუცრიშვილი