მანჯავიძე ზურაბ შალვას ძე (12. VII. 1923, თბილისი, – 25. V. 1987, იქვე), ფიზიკოსი, ექსპერიმენტატორი; საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1983), საქართვ. დამს. ინჟინერი (1984). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტი ექსპერ. ფიზიკის სპეციალობით (1947). მუშაობდა თსუ-ში ლაბორანტად და ასისტენტად (1947–54), საქართვ. მეცნ. აკად. ფიზ. ინ-ტში (ახლანდ. ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზ. ინ-ტი) – ელემენტარული ნაწილაკების რეგისტრაციის მეთოდების ლაბორ. ხელმძღვანელად (1954–62), ინ-ტის დირექტორის მოადგილედ (1962–70), ახალი მეთოდების დამუშავების ლაბორ. ხელმძღვანელად (1970–87). მ-მ დაამუშავა 1,5-ლიტრიანი კონდენსაციური კამერა (1950), რ-იც გახდა ფიზ. ინ-ტისა და თსუ-ის კოსმოსური სხივების იალბუზის ლაბორ. ძირითადი დეტექტორი. მისი მეშვეობით ქართველმა მეცნიერებმა, ინგლის-საფრანგეთის მეცნიერთა ჯგუფისაგან დამოუკიდებლად, თუმცა ერთდროულად, აღმოაჩინეს ახალი სახის ელემენტარული, ე. წ. ,,უცნაური“ ნაწილაკები; 1953-ში მ-მ ამავე ლაბორატორიაში დაამუშავა 14-ლიტრიანი კონდენსაციური კამერა და ასობით აღმოჩენილი უცნაური ნაწილაკით შეიქმნა მსოფლიოში უდიდესი ნაწილაკების ბანკი. შემდეგ წლებში მ-ის ხელმძღვანელობით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული კონდენსაციური დეტექტორი გამოიყენეს ბირთვულ კვლევათა საერთაშ. ინ-ტში (დუბნა, რფ). 1980 მ-მ შექმნა დიდი მოცულობის, იმ დროისათვის უნიკალური დეტექტორები, რ-თა მეშვეობით შესრულდა მნიშვნელოვანი კვლევები ცხრაწყაროს კოსმოსური სხივების ლაბორატორიაში. მ-მ გამოიგონა და შექმნა სრულიად ახალი, ე. წ. დაცლითი-კონდენსაციური და დაცლითი-დიფუზიური კამერები (1968); მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა მსოფლიოს უდიდესი 5-მეტრიანი სტრიმერული კამერა (1978). XX ს. 70–80-იან წლებში მ-ის ხელმღვანელობით ახ. მეთოდების დამუშავების ლაბორატორიაში წარმატებით შესრულდა სამუშაო ექსპერ. მონაცემებისა და სამეცნ. კვლევების ავტომატიზაციის დარგში, მიკროპროცესორთა გამოყენებით შეიქმნა რამდენიმე მიკრო ეგმ, რ-ებიც ექსპერიმენტულ აპარატურასთან ერთად ხაზზე მუშაობდნენ.
მ. სამეცნ. ნაშრომებისა და გამოგონების ავტორია. მიღებული აქვს ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინ-ტის საერთაშ. პრემია (1966) და სახელმწ. ჯილდოები.