მაჟაურა (Zeuzera pyrina), პეპელა მერქნიჭამიების ოჯახიდან. ფართოდაა გავრცელებული. სოფლის მეურნეობის და ტყის მავნებელია, აზიანებს ფოთლოვან მცენარეებს, გამორჩეულად ვაშლს, იფანს, მსხალს, კომშს. განსაკუთრებული მავნებლობით გამოირჩევა ჩრდ. და ცენტრ. კავკასიაში, ყირიმში, ყაზახეთში, სტეპის ზონაში. მისი სიგრძეა 50–70 მმ, თეთრ ფრთებზე მრავალრიცხოვანი მოიისფრო-მოშავო ლაქაა, უკანა ფრთები ნახევრად გამჭვირვალე. აქვს ზურგი თეთრია, ექვსი შავი ლაქით, მუცელი – შავი, თითოეული სეგმენტი ბოლოვდება თეთრი ქერცლით. ახასიათებს სქესობრივი დისმორფიზმი. მამრის ფრთების შლილია 50 მმ, მდედრის – 70 მმ. მამრის სასქესო ორგანოები კარგად არის განვითარებული; კოპულაციური ორგანოს ტოტები თავზე გამოყოფილია ფართო მემბრანული ხიდით; მდედრის სასქესო ორგანოა გრძელი ტელესკოპური კვერცხსადები. დებს 600–2000 კვერცხს ხეების ჩაღრმავებაში, ყველაზე ხშირად – მრავალწლოვანი ხის გამხმარ ტოტებზე. ახალგამოჩეკილი მატლი იჭრება ყლორტებში, აკეთებს სავალს და იზამთრებს. მეორე წლის გაზაფხულზე გადადის მსხვილ ტოტებსა და ღეროებში და ახლა იქ გამოიზამთრებს. მე-3 წლის გაზაფხულზე ამზადებს გამოსასვლელ ხვრელს და ჭუპრდება. მ-ს ერთი თაობა ორწლიანია. მის მიერ დაზიანებული ხეები სუსტდება და ხმება. ბრძოლის ღონისძიებებია: დაზიანებული ტოტების გასხვლა, ფოსფორ-ორგანული პრეპარატების შესხურება.