მარაბდის ბრძოლა 1625, ქართლ-კახეთის ლაშქრის ბრძოლა ყიზილბაშ დამპყრობთა წინააღმდეგ 1 ივლისს.
ქართლ-კახეთის აჯანყების (1625) ჩასახშობად შაჰმა აბას I-მა მარტყოფის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ ახ. დიდი არმია გაგზავნა საქართველოში თავისი სიძის ისა-ხან ყორჩიბაშის სარდლობით. ირანის არმიაში ძირითადი ნაწილის გარდა იყო ყორჩების ღოლამთა გვარდიული ნაწილები, მეთოფეთა რაზმები და არტილერია. ისა-ხანს დაუქვემდებარეს შირვანის მმართველის ყაზან-ხან ჩერქეზისა და ერევნის ბეგლარბეგის შაჰ-ბენდე-ხანის ლაშქარი. ლაშქარი გაიგზავნა ჩრდილოეთ და ცენტრალური ირანიდანაც. შაჰი აბას I სამხრ. აზერბაიჯანიდან ხელმძღვანელობდა სამხ. ოპერაციებს. ირანელთა არმია 1625 ივნ. ბოლოს საქართველოში შემოვიდა და მდ. ალგეთის ხეობაში, მარაბდის ველზე, დაბანაკდა. თეიმურაზ I-მა და გ. სააკაძემ დიდი სამზადისი ჩაატარეს და 20-ათასიანი არმიით კოჯორ-ტაბახმელის მიდამოებში დაბანაკდნენ. გ. სააკაძემ დახმარებისათვის ოსმალეთს მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. ქართველთა ბანაკში იმყოფებოდა სამცხიდან მოსული ათაბაგი მანუჩარ III 300 მებრძოლით. ირანელები აზერბ. ბეგლარბეგის შაჰ-ბენდე-ხანის ლაშქარს ელოდნენ და ბრძოლის დაწყებას არ ჩქარობდნენ. ქართველთა სარდლობაში კი აზრთა სხვადასხვაობა იყო. გ. სააკაძე მოითხოვდა დაეცადათ, სანამ მტერი თვითონ არ გადმოვიდოდა შეტევაზე, რადგან დიდი სიცხის გამო ქართველთა ჯარს, განსაკუთრებით ქვეითებს, მარაბდის დაბალ ველზე ბრძოლა გაუჭირდებოდა, თანაც კოჯორ-ტაბახმელის ვიწროხევებიან მიდამოებში მტერს მთელი გაშლისა და გამოყენების საშუალება არ ექნებოდა. სამხ. თათბირმა სააკაძის გეგმა უარყო. გადაწყდა ბრძოლა მეორე დღეს, 1625 წლის 1 ივლისს, დაეწყოთ. მთავარსარდლობა თეიმურაზ I-მა იკისრა. ქართველთა ლაშქარმა ბრძოლა მისთვის უაღრესად ძნელ პირობებში დაიწყო. ამასთან გ. სააკაძე ბრძოლის საერთო ხელმძღვანელობას ჩამოაცილეს. როგორც ჩანს, ირანელთა სარდლობა მოელოდა ქართველთა შეტევას: ყიზილბაშებმა სანგრები ააგეს და ზარბაზნები შემოუწყვეს, ზარბაზნების უკან ოთხ რიგად მეთოფეები განალაგეს. მოწინავე ჯარს ამირგუნა-ხანი სარდლობდა, ცენტრს კი – თვით ისა-ხან ყორჩიბაში. ცენტრის მარცხნივ და მარჯვნივ მრავალრიცხოვანი რაზმები განალაგეს, ქართველთა ლაშქარი ღამით კოჯრის მაღლობებიდან მარაბდის ველისაკენ დაეშვა და განთიადისას მტრის ბანაკისაკენ გაემართა. წინ რჩეული ცხენოსანი რაზმი მიდიოდა. ყიზილბაშთა სანგრებიდან გაჩაღებულმა თოფებისა და ზარბაზანთა ცეცხლმა შეტევა რამდენადმე შეაფერხა, მაგრამ ქართველები არ შედრკნენ, დიდი სისწრაფით შეიჭრნენ მტრის ბანაკში და მეწინავე რაზმები გადათელეს. ამირგუნა-ხანი სასიკვდილოდ დაიჭრა. ქართველთა ლაშქარმა მეთოფეთა რაზმებს დაარტყა და მათი წყობა მოშალა, შემდეგ ცენტრს შეუტია და მტრის რიგებში დიდი არეულობა შეიტანა. თავზარდაცემული მტრის მარცხ. და მარჯვ. ფრთის ჯარები ცენტრს ვერ მიეშველნენ და გაიქცნენ. ქართველთა გამარჯვება თითქმის გარდაუვალი იყო, მაგრამ ისა-ხანი ბრძოლის ველს არ თმობდა და უკანასკნელ ძალებს იკრებდა. ამ დროს ქართველთა ჯარის ერთმა ნაწილმა ბრძოლა მოგებულად ჩათვალა, ალაფობა დაიწყო და ბრძოლას თავი მიანება, ცხენოსანთა ჯარის ერთი რაზმი კი ავთანდილ სააკაძისა და დავით ერისთავის მეთაურობით მტრის გაქცეულ ნაწილებს დაედევნა და ბრძოლის ველს გასცილდა. ამან ყიზილბაშთა მდგომარეობა ძალიან შეამსუბუქა. მტრის რაზმები კვლავ მოგროვდნენ სარდლის ირგვლივ და ქართველთა ლაშქარს შეუტიეს. ამ დროს ყიზილბაშებს აზერბ. ბეგლარბეგის შაჰ-ბენდე-ხანის მეთაურობით ახ. ძალებიც მოუვიდათ. ქართველთა ჯარმა მტრის ახალი რაზმების დარტყმას ვეღარ გაუძლო და გატყდა. ბრძოლის ველი პირველად ცხენოსანმა ჯარმა დატოვა და კოჯრის ვიწროებს მიაშურა. მიტოვებული ქვეითობა, რ-იც გლეხობისაგან შედგებოდა, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, მაგრამ იარაღს მაინც არ ყრიდა. გლეხები გუნდ-გუნდად იბრძოდნენ და უკანასკნელ კაცამდე შეაკვდნენ მტერს. ყიზილბაშებსაც დიდი ზიანი მოუვიდათ. ქართველთა ჯარი დამარცხდა. ბრძოლის ველზე 10 ათ. ქართველი და 14 ათ. ყიზილბაში დაეცა. მ. ბ-ში დაიღუპნენ ჯანდიერი, თეიმურაზ მუხრანბატონი, ბაადურ ციციშვილი, ეპისკოპოსები რუსთველი და ხარჭაშნელი, ცხრა ძმა ხერხეულიძე, ცხრა მაჩაბელი, შვიდი ჩოლოყაშვილი და სხვ. განსაკუთრებით დაზარალდა გლეხობა. მ. ბ-ში ქართველთა დამარცხების მიზეზი იყო თავადთა პოლიტ. სიბეცე-შეზღუდულობა, ფეოდ. ლაშქრის უდისციპლინობა, შეიარაღებაში ჩამორჩენილობა.
დამარცხების მიუხედავად, ქართველებმა მეორე დღეს კოჯრის მიდამოებში განაგრძეს ბრძოლა. 10 დღის შემდეგ მტერმა თბილისი და მისი მიდამოები დაიკავა, მაგრამ შაჰ-აბას I-მა თავის მიზანს – მთლიანად მოეთხარა ქართლ-კახეთი – მაინც ვერ მიაღწია. ქართველები პარტიზანულ ბრძოლებს განაგრძობდნენ.
წყარო: გორგიჯანიძე ფ., საქართველოს ისტორია, ს. კაკაბაძის გამოც., „საისტორიო მოამბე“, 1925, [ტ.] 2; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ, ვ. ფუთურიძის გამოც., თბ., 1969.
ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 6, თბ., 1972; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.
გ. ჯამბურია