მარგველაშვილი გივი ტიტეს ძე

გ. მარგველაშვილი

მარგველაშვილი გივი ტიტეს ძე (14. XII. 1927, ბერლინი, – 13. III. 2020, თბილისი), ქართველი გერმანულენოვანი მწერალი, ენათმეცნიერი, ფილოსოფოსი. დაიბადა ქართვ. ემიგრანტების – ტ. მარგველაშვილისა და მ. ხეჩინაშვილის ოჯახში. 1934–39 სწავლობდა ბერლინ-ვილმერდორფის საჯარო სკოლაში, 1939–42 – იქვე ფიჰტეს სახ. ჰუმანიტარულ გიმნაზიაში, ხოლო 1945–46 – ბისმარკის ჰუმანიტარულ გიმნაზიაში. 1947 იმყოფებოდა საბჭოთა კომენდატურასა და საკონცენტრაციო ბანაკში (ყოფ. გერმანელთა საკონცენტრაციო ბანაკი). 1947 შსსკ-მა (НКВД) მ. თბილისში გადმოიყვანა. 1947–52 სწავლობდა თსუ-ში ინგლ. ენის სპეციალობით. 1954–70 მუშაობდა უცხო ენათა პედ. ინ-ტში (ახლანდ. ილიას უნ-ტი), 1970–90 კი – ფილოსოფიის ინ-ტში. 1990-იდან ცხოვრობდა გერმანიაში. 2011 დაბრუნდა საქართველოში.

მ. ავტორია ფილოს.-ენათმეცნიერული ნაშრომებისა ქართ., გერმ. და რუს. ენებზე. პირველი ფილოს. ნაშრომი – „ენის როლი ჰაიდეგერის ფილოსოფიაში“ გამოაქვეყნა 1970 ჟურნ. „მაცნეში“. იკვლევდა XX ს. გერმ. ფილოსოფიას, მ. ჰაიდეგერის ფილოსოფიის ძირეულ იდეებს ონტოტექსისა და თემატურობის კონტექსტში, სიუჟეტურ ველზე არასიუჟეტური დროის გამოხატვის ხერხებს, ჰომეროსისეულ სიუჟეტურ სამყაროს და სხვ.

მ-ის მხატვრული შემოქმედება მოიცავს ყველა ჟანრის ნაწარმოებს – რომანებს, მოთხრობებს, ლექსებს პროზად, პიესებს. მხატვრული ნაწარმოებები დაწერილია გერმ. ენაზე და შემდეგ ქართულადაა თარგმნილი. მისი მთავარი მხატვრული ქმნილებაა „კაპიტანი ვაკუში“, ავტობიოგრაფიული რომანი 7 ტომად (2005, წგ. 1, თარგმნა კ. ჯორჯანელმა), ასევე ავტორია თხზულებებისა: „მუცალი“ (2001, თარგმნა მ. ბადრიძემ), „მე წიგნის გმირი ვარ“ (2018, თარგმნა ნ. გელაშვილმა) და სხვ.

მ. აირჩიეს თსუ-ის (1998) და ილიას სახელმწ. უნ-ტის (2015) საპატიო დოქტორად. მინიჭებული აქვს ბრანდენბურგის ფედერალური მიწის ლიტ. პრემია (1995), ქართულ-გერმანული კულტურის პრემია (2013), გოეთეს მედალი (2006), ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (2015).

მ. დაკრძალულია მახათას მთის მწერალთა და საზ. მოღვაწეთა პანთეონში.

თხზ.: ფინალობის პრობლემა ნიკოლაი ჰარტმანისა და მარტინ ჰაიდეგერის ონტოლოგიაში, რედ. ნ. ნათაძე, თბ., 2016; Das bose Kapitel, B., 1991; Muzal, F/ M., 1991; Kapitän Wakusch, Konstanz, 2006;Vom Tod eines alten Lesers, B., 2008; Fluchtästhetische Novelle, B., 2012.

მ. თუშიშვილი