მარგველაშვილი გიორგი გიორგის ძე (31. X. 1923, თბილისი, – 8. II. 1989, იქვე), კრიტიკოსი. დაამთავრა მოსკოვის მ. გორკის სახ. ლიტ-რის ინ-ტი (1948). პირველი კრიტ. წერილი «„კოლხეთის ცისკარი“ (კ. ლორთქიფანიძის რომანის შესახებ)» (რუს. ენაზე) გამოაქვეყნა „ლიტერატურნაია გაზეტაში“, 1949. პირველი წიგნი „ირაკლი აბაშიძე“ – 1955. მ. ავტორია მონოგრაფიებისა: „სიმონ ჩიქოვანი“ (1959), „აკაკი წერეთელი“ (1960), „გიორგი ლეონიძე“ (1970), „გალაკტიონ ტაბიძე“ (1973, ყველა რუს. ენაზე), „ქვეყანას გასწვდი...“ (1977); წიგნებისა: „სიტყვა და საუკუნე“ (1960), „რისხვისა და ჯანყის პოეზია“ (1964), „ლიტერატურული წერილები“ (1972), „ჩაუმქრალი კოცონი“ (1973, რუს. ენაზე), „პოეზიის ნათელი“ (1976) და სხვ.; თარგმანთა კრებულისა „ძმადნაფიცობის ათინათები (საქართველო რუსულ საბჭოთა პოეზიაში)“ (1977) და სხვ.
მ-ის ნაშრომები თარგმნილია უცხოურ ენებზე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.