მარგველაშვილი პარმენ იორამის ძე (დ. 30. IV. 1943, ქუთაისი), ფიზიკოსი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1966). მუშაობდა სერპუხოვოს (რუსეთი) მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში (1967–70); იყო თსუ-ის თეორიული ფიზიკის კათედრის ასისტენტი (1971–75) და ამავე კათედრის დოცენტი (1975–2005); 55-ე საჯარო სკოლის დირექტორი (1993–2005); თსუ-ის პრორექტორი (1997–2005); შპს ,,თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის“ თანადამფუძნებელი და რექტორი (1991–2007); შპს საქართვ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართ. უნ-ტის პირველი რექტორი (2007–10). მ. არის შპს ,,გამომცემლობა ნეკერის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი (1991-იდან); საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. ,,რუსთაველის კომიტეტის“ ხელმძღვანელის მოადგილე (2005-იდან). გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები, რ-ებიც ეძღვნება თეორიულ ფიზიკას; აგრეთვე არქეოლოგიას, ძველ ქართულ ხუროთმოძღვრებას; იკვლევდა ვეფხისტყაოსნის ხელნაწერებს, დავით კაკაბაძის შემოქმედებით მემკვიდრეობას.
მ. 1979–81 ხელმძღვანელობდა ბეთლემის (საქართვ.) მაღალმთიან არქეოლ. ექსპედიციას, რ-მაც დაადასტურა ბეთლემის ქედზე ზღვის დონიდან 3750 მ-ზე სტეფანწმინდის მონასტრის არსებობა და შეისწავლა მონასტრის ნანგრევები. მ. ხელმძღვანელობდა რუსთაველის ფონდის საგრანტო პროექტის ფარგლებში მოქმედ კულტ. მემკვიდრეობის ძეგლების შემსწავლელ სამეცნ. ჯგუფს (2011–14), რ-მაც შექმნა ამჟამად საქართვ. ფარგლებს გარეთ არსებული 102 არქიტ. ძეგლის ინტერაქტიული სფერული პანორამული ფოტოსახე. მ. ეწეოდა საზ. მოღვაწეობას: იყო თსუ-ის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავ-რე (1975–82); სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს სახ. დეპუტატი (1989–91); 1989 წ. 9 აპრილის მოვლენათა შემსწავლელი სახელმწ. კომისიის თავ-რის მოადგილე (1989–90).
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).
თხზ.: რაღაა იგი სინათლე, რასაც არ ახლავს ბნელია: განზრახვითი ქმედება შ. რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანში’’, თბ., 1992; რუსთაველის მსოფლმხედველობა: კითხვები ,,ვეფხისტყაოსნის’’ გამო, თბ., 2007; Connection between dynamics and initial conditions of unstable systems, Physics Letters B, v.131, 1983 (თანაავტ. A. Baker).