მარგველაშვილი ტიტე თადეოზის ძე

მარგველაშვილი ტიტე თადეოზის ძე (2. IV. 1890, ქუთაისი, – 17. X. 1946, თბილისი), ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე. დაწყებითი განათლება მიიღო ქუთაისში, 1909-იდან სწავლობდა ლაიფციგის უნ-ტში, 1913-იდან ჰალეს უნ-ტის დოქტორანტურაში. 1914, სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში დაიწყო მუშაობა უცხო ენების პედაგოგად. მონაწილეობდა ეროვნ.-დემოკრ. პარტიის დაფუძნებაში, 1918 წ. 26 მაისს ხელი მოაწერა საქართვ. დამოუკიდებლობის აქტს. იყო საქართველოს დემოკრ. რესპ. მთავრობის მიერ გატარებული საერობო რეფორმის მთ. ინსტრუქტორი. საქართვ. გასაბჭოების შემდეგ წავიდა გერმანიაში. 1921–23 და 1941–45 იყო ბერლინის ქართ. სათვისტომოს თავ-რე. კითხულობდა ლექციებს ბერლინის უნ-ტში ფილოს. და აღმოსავლეთმცოდნეობის განხრით, აქვეყნებდა წერილებს ემიგრანტულ გამოცემებში. 1921–27 მუშაობდა გერმ. ფირმებში, იყო 1933 ბერლინში შექმნილი ქართვ. ნაციონალისტთა ჯგუფის პირველი თავ-რე. 1941–42 მუშაობდა გერმ. საგარეო საქმეთა სამინისტროში და მცირე ხნით ხელმძღვანელობდა ე. წ. ქართულ რედაქციას. II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ცხოვრობდა ბერლინის დას. ნაწილში – ბრიტანულ სექტორში. 1946 მოტყუებით გადაიყვანეს ბერლინის აღმ. ნაწილში, დააპატიმრეს, ჩამოიყვანეს სსრკ-ში და დახვრიტეს.

ლიტ.: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ., 2018.

 დ. ჭუმბერიძე