მარგიანი რევაზ აკაკის ძე

რ. მარგიანი

მარგიანი რევაზ აკაკის ძე (24. XI. 1916, სოფ. მულახი, ახლანდ. მესტიის მუნიციპალიტეტი, – 1. VI. 1984, თბილისი), პოეტი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1940). 1942 მოხალისედ წავიდა II მსოფლიო ომში. ომის შემდეგ იყო ჟურნ. „ოქტომბრელის“, „პიონერის“, „დროშის“, გაზ. „ლიტერატურული საქართველოს“ მთ. რედაქტორი, გამომც. „ლიტერატურა და ხელოვნების“ დირექტორი, გამომც. „მერანის“ დირექტორი.

პირველი ლექსი „მირანგულა“ გამოაქვეყნა 1934, პირველი წიგნი „ლექსები“ – 1940. ომის წლებში დაწერილი ლექსები შესულია წიგნში „მუმლი მუხასა“ (1946), შემდგომ კრებულებში („მხოლოდ ახალი“, 1958; „მთანი მაღალნი“, 1960; „ლილე“, 1965; „გამოღვიძება“, 1966; „თოვაში შეხვედრა გაზაფხულთან“, 1975 და სხვ.) მხატვრულ დაოსტატებასთან ერთად, უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა მ-ის შემოქმედების ტენდენციები და თავისებურებანი. მის ლექსებში აისახა სვანეთის ბუნება და მითოსი, რ-იც პოეტმა ორგანულად დაუკავშირა თანამედროვეობას („ოია ოიალე“, „ოიდა ნანაილა“, „მარილი“, „ელეგია მეგობრის სიკვდილზე“ და სხვ.). ფოლკლორული საწყისი მ-ის ლექსში მაღალ პოეზიასთან არის შერწყმული („ამბავი რუსთაველის უშგულს მისვლისა“, „მარიხი“, „მუმლი მუხასა“) და ორგანულადაა დაკავშირებული მის შემოქმედებით კრედოსთან („მეც ხომ ვარ...“, „ეს პირველ ქართულ ლექსს...“, „მე მინდა ვიყო შემოდგომა“). მ-ის პოეზიის წამყვანი მოტივია სამშობლოს სიყვარული („ქართლის ცხოვრების მემატიანე“, „...უენგუროდ გავძლებ განა“, „მე შენს კალთაზე მინდა ვიარო“, „შენ და ილია რომ არ გვყოლოდით“ და სხვ.). ომის გარდასულ ამბავთა გახსენება არაერთ შესანიშნავ ლექსს დაედო საფუძვლად („წლების სახსოვრად“, „იქ სიჭაბუკეს არ დავტოვებდი“, ლირ. პოემა „მირზა გელოვანი“, „თოვაში შეხვედრა გაზაფხულთან“ და სხვ.). მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანია ფილოს. და სამიჯნურო ლირიკაც („ჩემს ძველ ბინაში“, „ჩემი ერთი უფერული დღე“, „და უნატრელი ის დღეც დადგება“, „გუშინ არ ვიყავ...“, „რა დრო გასულა“, „რა იქნებოდა ეს სიჭაბუკე“).

მ-ის ლექსები თარგმნილია უცხოურ ენებზე. მ. დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

თხზ.: თითქმის ყველა ჩემი წიგნიდან, ერთტომეული, თბ., 1970; შარშან, შარშანწინ და ცოტა ადრე, თბ., 1977; ვალი დამრჩა წუთისოფლის, ლექსები, თბ., 1986; 100 ლექსი, თბ., 2012.

ლიტ.: კალანდაძე ზ., რევაზ მარგიანი, წგ.: დრო და მწერლობა, თბ., 1992; რევაზ მარგიანი, თბ., 1985.