მარგიევი გიორგი პეტრეს ძე (29. XI. 1909, თბილისი, – 12. VII. 1988, კიევი), მომღერალი, პედაგოგი. საქართვ. დამს. არტისტი (1957). 1933 დაამთავრა თბილ. სამრეწველო ინ-ტი, 1939 – სახელმწ. კონსერვატორია (ვოკალის განხრით, პედ. – გ. ქაშაკაშვილი). 1935–58 იყო თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (ბარიტონი), 1937–41 – თბილ. მე-4 მუს. სასწავლებლის დირექტორი და პედაგოგი (ვოკალი); 1948-იდან – თბილ. კონსერვატორიის პედაგოგი (1963-იდან დოცენტი). მ-ის მოწაფეები იყვნენ ა. აღლაძე, მ. დონაძე, რ. კაკაბაძე. 1967-იდან იყო კიევის კონსერვატორიის პედაგოგი. მ-ის რეპერტუარიდან აღსანიშნავია: მურმანი (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“), გოჩა (მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“), თამაზი (ი. ტუსკიას „სამშობლო“), ამონასრო, რიგოლეტო, ჟერმონი, დი ლუნა (ჯ. ვერდის „აიდა“, „რიგოლეტო“, „ტრავიატა“, „ტრუბადური“), ტონიო (რ. ლეონკავალოს „ჯამბაზები“), ესკამილიო (ჟ. ბიზეს „კარმენი“), მარსელი (კ. პუჩინის „ბოჰემა“), გრიაზნოი (ა. რიმსკი-კორსაკოვის „მეფის საცოლე“), იგორი (ა. ბოროდინის „თავადი იგორი“), კოჩურა (ო. ჩიშკოს „ჯავშნოსანი პოტიომკინი“) და სხვ.
მ. ჯაფარიძე