მარდალეიშვილი კონსტანტინე მიხეილის ძე (დ. 1. I. 1946, თბილისი), ონკოქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1985), პროფესორი (1996), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეტი (1998).
1967 დაამთავრა თსსი, 1970–74 – მოსკოვის ცენტრ. სტომატოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ასპირანტურა. 1974–76 იყო თსსი-ის ქირურგ. სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1980–84 – მოსკოვის მეცნ. აკადემიის საკავშ. ონკოლოგიის სამეცნ. ცენტრის თავისა და კისრის სიმსივნეების განყ-ბის მეცნიერი თანამშრომელი; 1984–2010 – საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიის სამეცნ. ცენტრის თავისა და კისრის სიმსივნეების განყ-ბის ხელმძღვანელი; 1997–2011–თავისივე დაარსებული „ქართულ-გერმანული სპეციალიზებული ონკოლოგიური კლინიკის“ ხელმძღვანელი; 1999–2000 – საქართვ. სახელმწ. სამედ. აკადემიის კათედრის გამგე; 2006-იდან – თსსუ-ის სტომატოლოგიური ფაკ-ტის თავისა და კისრის ონკოლ. დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი; 2012–იდან ხელმძღვანელობს მრავალპროფილურ კლინიკა „ონკოლოგიურ სამეცნიერო–კვლევით ცენტრს“.
მ. არის სამეცნ. ნაშრომების, მ.შ. მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი. მისი კვლევის სფეროა თავისა და კისრის ონკოლ. დაავადებები, ქიმიოთერაპიით, სხივური და ქირურგ. მეთოდებით მკურნალობა და რეაბილიტაცია პლასტიკურ-რეკონსტრუქციული ოპერაციების გამოყენებით; აგრეთვე ღეროვანი უჯრედები და მათი გამოყენების პერსპექტივები სხვადასხვა სომატური და ონკოლ. დაავადებების დროს.
მ-ს მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ.შ. ღირსების ორდენი (2003), საპატიო თბილისელის წოდება (2018).
თხზ.: პირველადი ჰიპერპარათირეოზი და ჰიპერკალცემია, თბ., 2005; ყბა-სახის ავთვისებიანი სიმსივნეები, თბ., 2008.