მარები

მარები, კოლხური ტომი. ცხოვრობდნენ სამხრ.-აღმ. შავიზღვისპირეთში, ჩრდ. ანატოლიის მთებში, მოსინიკების მეზობლად, ამ ტერიტორიაზე იხსენიებენ მათ ძვ. წ. VI და V სს. ავტორები – ჰეკატეოს მილეტელი და ჰეროდოტე. მ. შედიოდნენ აქემენიდთა იმპერიის XIX სატრაპიაში, რ-იც 300 ტალანტ ვერცხლს უხდიდა ყოველწლიურად ხარკის სახით სპარსეთის მეფეებს. მ. მონაწილეობდნენ სპარსეთის მეფეთა ლაშქრობებში, კერძოდ, ისინი თან ახლდნენ ქსერქსეს საბერძნეთში ლაშქრობის დროს. ამ ბრძოლებში მეომარი მ. შეიარაღებული იყვნენ პატარა ტყავის ფარებითა და ხელშუბებით, ხოლო თავზე დაწნული მუზარადები ეხურათ.

ლიტ.: მელიქიშვილი გ., საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის, თბ., 1965; ყაუხჩიშვილი თ., ბერძენი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, [წგ.] 1, თბ., 1967; Меликишвили Г. А., К истории древней Грузии, Тб., 1959.

გ. მელიქიშვილი