მარზპანი

მარზპანი (საშუალო სპარსული, სიტყვასიტყვით – საზღვრის მცველი), 1. ქვეყნის, მხარის, ოლქის მმართველი სასანიანთა ირანში. 2. უმაღლესი მოხელე, რ-იც IV–VI სს-ში ინიშნებოდა ირანის მიერ დაპყრობილი ქვეყნის (ჩვეულებრივ, ასეთ ქვეყანაში სამეფო ხელისუფლება აღარ არსებობდა, ანდა დროებით იყო გაუქმებული) მმართველად და შაჰის ადგილ. ნაცვლად. ქართლის პირველი მ. იყო სომეხი ფეოდალი ვასაკ სივნიელი (დაახლ. 439–442), რ-იც ირანელებმა არჩილ მეფის გარდაცვალების შემდეგ დანიშნეს. შემდეგ ქართლში მეფობა აღდგა და VI ს. 40-იან წლებამდე მ. აღარ ჩანს. „ევსტათი მცხეთელის მარტვილობის“ მიხედვით, ქართლის სათავეში მდგომ მ-ებს, არვანდ გუშნასპსა და ვეჟან ბუზმირს დიდი ადმ. და სასამართლო უფლებები ჰქონიათ. ქართლის ყოველი მცხოვრების სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი მათ ხელში იყო. ქვეყნის მართვაში მ-თან ერთად მონაწილეობდნენ ადგილობრივი წარჩინებულებიც, ანუ „ქართლის მთავრები`. ქართლში ერისმთავრის ხელისუფლების დაწესების შემდეგ მ-ები აღარ ინიშნებოდნენ.

ლიტ.: ჯანაშია ს., ფეოდალური რევოლუცია საქართველოში, შრომები, [ტ.] 1, თბ., 1949; ჯანაშია ლ., ლაზარ ფარპეცის ცნობები საქართველოს შესახებ, თბ., 1962.

ა. ბოგვერაძე