მართვის სისტემების ინსტიტუტი ა. ელიაშვილის სახელობისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება სტუ-ის შემადგენლობაში. დაარსდა ა. ელიაშვილის ინიციატივით (1956) და ეწოდა საქართვ. მეცნ. აკად. ელექტრონიკის, ავტომატიკისა და ტელემექანიკის ინ-ტი. რეორგანიზაციის შედეგად ინ-ტს რამდენჯერმე შეეცვალა სახელი; ახლანდ. სახელი მიენიჭა 2010. ინ-ტის სამეცნ. კვლევების ძირითადი მიმართულებებია ავტომატური მართვის თეორიის განვითარება და ელექტრონულ-გამომთვლელი ტექნიკის გამოყენებით ავტომატური მართვის სისტემების შექმნა. კვლევები ეხება ავტომატური მართვისა და რეგულირების, ოპტიმალური მართვის თეორიისა და მისი გამოყენების, ანალოგურ-ციფრული გამომთვლელი მანქანების დამუშავებისა და შექმნის, ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის მოწყობილობების, მართვის ტელეავტომატური სისტემების დამუშავების, ინფორმაციის ელექტრონული ასახვის კომპლექსური სისტემების დამუშავებისა და შექმნის, სახეთა გამოცნობის, მანქანური თარგმნის და სხვა საკითხებს.
1957–62 მსი-ში დ. გრიგორაშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა საქართვ. პირველი უნივერსალური გამომთვლელი მანქანა ,,დელისი“; შემუშავდა ზოგიერთი მრავალექსტრემალური ამოცანის ამოხსნის მეთოდი (ვ. ჭიჭინაძე), მ. სალუქვაძემ შექმნა დაგვიანების შემცველი სისტემებისათვის ოპტიმალური რეგულატორების კონსტრუირების მიახლოებითი მეთოდი, რ-საც ,,სალუქვაძის მეთოდი“ ეწოდა; დამუშავდა მეტყველების ავტომატური ამოცნობის მეთოდები (ა.კაკაურიძე, გ. რამიშვილი). XX ს. 70-იანი წლებიდან მსი-ში მ. სალუქვაძის ხელმძღვანელობით დაიწყო მსოფლიოში პიონერული კვლევები მრავალკრიტერიულ ოპტიმიზაციაში. ამ მიმართულებით მიღებული შედეგები გამოიცა აშშ-სა და სხვა ქვეყნებში. შეიქმნა მანქანური თარგმნის სსრკ-ში პიონერული სისტემა (გ. ჩიკოიძე); შემუშავდა ენის მოდელირების მულტიენობრივი ექსპერტული სისტემა, რ-იც იძლევა ცოდნის ბაზის შევსების საშუალებას (ლ. ლორთქიფანიძე). მსი-ში მიღებული შედეგები მრავალჯერ აღინიშნა საქართვ. სახელმწ. და სხვ. პრემიებით. მსი-ის პირველი დირექტორი იყო ა. ელიაშვილი (1956–71), შემდეგ – გ. ხარატიშვილი (1972–81), მ. სალუქვაძე (1981–2006), 2006-იდან ინ-ტს ხელმძღვანელობს ნ. ყავლაშვილი.
ამჟამად მსი-ში ხუთი სამეცნ. განყ-ბაა: მ. სალუქვაძის სახ. სისტემების იდენტიფიკაციისა და ოპტიმალური მართვის, ენობრივი მოდელირების; ინფორმაციის გარდაქმნის პრობლემების; ვ. გომელაურის სახ. ენერგოსისტემის სტრუქტურისა და ენერგოდანადგარების ოპტიმიზაციის. ვ. ჭავჭანიძის სახ. მანქანური ინტელექტის პრობლემების განყ-ბები. მსი-ის თანამშრომლებს მოპოვებული აქვთ მრავალი, მ. შ. ცხოური გრანტი, ისინი ინტენსიურად თანამშრომლობენ მსოფლიოს სამეცნ. ცენტრებთან.
პ. მამრაძე