მართლზომიერება

მართლზომიერება, სოციალური აქტივობის იმგვარად გამოვლენა, რაც შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, არ ეწინააღმდეგება სავალდებულო ნორმებს ან აკრძალვებს.

მართლზომიერია უფლება, რაც მოპოვებულია კანონიერი გზით, სამართლებრივი საფუძვლით. სამოქალაქო ურთიერთობებში მართლზომიერია ყველაფერი, რაც არ არის აკრძალული კანონით. კანონში იგულისხმება ყველა ნორმატიული აქტი ან ის დოკუმენტი, რ-იც კანონის საფუძველზეა გამოცემული და კონკრეტულ ვალდებულებას აკისრებს პირს. მაგ.: სასამართლო გადაწყვეტილება, სააღსრულებო ფურცელი. მართლზომიერია, ასევე, ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების შესაბამისი ქმედებები.

მ-დ ითვლება იმ ქმედების ჩადენა, რაც აღწერილია სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, მაგრამ იმ ვითარებაში, რაც გამორიცხავს ამ ქმედების დანაშაულებრიობასა და დასჯადობას (მაგ.: აუცილებელი მოგერიება, დამნაშავის შეპყრობა, უკიდურესი აუცილებლობა, მართლზომიერი რისკი და სხვ.). სამოქალაქო სამართალში მ-დ ჩაითვლება აუცილებელი მოგერიების, უკიდურესი აუცილებლობის, თვითდახმარების ვითარებაში მიყენებული ზიანი. ინტელექტუალურ სამართალში მართლზომიერია, მაგ., ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელისთვის ჰონორარის გადახდის ან მისგან (მათგან) ნებართვის მიღების გარეშე ნაწარმოების ან მისი ნაწყვეტის გამოყენება „სამართლიანი გამოყენებისთვის“.

მ-ის საწინააღმდეგო ტერმინია მართლწინააღმდეგობა.

ი. უჯმაჯურიძე