მართლმადიდებლობა

მართლმადიდებლობა, (ძვ. ბერძნ. ὀρθοδοξία ὀρθός – მართალი, δοξά – მადიდებელი), როგორც ტერმინი, წინარექრისტიანულ ეპოქაში, ანტიკურ ხანაშიც გამოიყენებოდა მართებული აზრის, მართებული თვალსაზრისის მნიშვნელობით.

მ., როგორც საეკლ. ტერმინი, აღნიშნავს ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის უცდომელ მოძღვრებას – ახალი აღთქმის მაცხოვნებელ რჯულს, რ-იც საბოლოოდ განისაზღვრა და განიმარტა შვიდ მსოფლიო საეკლ. კრებაზე (325–787) მცდარ შეხედულებათა საპირისპიროდ. მ., როგორც ქრისტეს მოძღვრების მართალი აღმსარებლობა, დასაბამს ჯერ კიდევ მოციქულთა ხანიდან იღებს. ტერმინი მ. საეკლ. შინაარსით II ს-იდან გვხვდება აპოლოგეტ მამათა თხზულებებში (კერძოდ, კლიმენტი ალექსანდრიელთან, სტრომატები, 1,9). მისი მნიშვნელობა, როგორც ტერმინისა, მყარდება ევსები კესარიელის „საეკლესიო ისტორიაში`: იგი ახსენებს II ს. ერთ-ერთი აპოლოგეტი მოღვაწის – კოდრატეს ნაშრომს, „საიდანაც შესაძლებელ-ია, შევიცნოთ ამ ადამიანის (ანუ კოდრატეს) გონებისა და სამოციქულო მართლმადიდებლობის ნათელი მტკიცებულება“. სახელგანთქმულ მოღვაწეთა (ჰეგესიპე, დიონისე, პიტინუსი, ფილიპე, აპოლინარი, მელიტონი, მუსანიოსი, მოდესტოსი, ირინეოსი) ხსენებისას კი შენიშნავს, რომ „მათი სამოციქულო გადმოცემის საღი სარწმუნოების მართმადიდებლობამ წერილობითი სახით ჩვენამდეც მოაღწია“. მართლმადიდებლებად იწოდებოდნენ ნიკეის პირველ მსოფლიო საეკლ. კრებაზე (325) მიღებული სარწმუნოების სიმბოლოს (მრწამსის) მომხრეები. გამოყენების თვალსაზრისით, ტერმინი მ. ფართოდ გავრცელდა იუსტინიანეს იმპერატორობის დროიდან (527–565), როდესაც მას უკვე ჰქონდა მიღებული თანამედროვე საეკლ. მნიშვნელობა.

ტერმინი მ. გვხვდება ძვ. ქართულ ძეგლებში უძველეს იადგარში (VII–VIII სს): „სოფელი განანათლეს მართლმადიდებლობისა სარწმუნოებითა“; სინურ მრავალთავში (IX ს.): „დედისა ჩუენისა მოძღურებასა შეუდგეთ, რომელ არს მართლმადიდებელი წმიდაჲ კათოლიკე ეკლესიაჲ“.

ქართ. საეკლ. მწერლობაში VI–VII სს-იდან უნდა დამკვიდრებულიყო ტერმინი მ., რ-იც ოდნავ განსხვავებული ფორმითაც გვხვდებოდა: „მართლდიდებაჲ“, „მართლიადდიდებაჲ“.

ბერძნული ტერმინი ორთოდოქსია VII–VIII სს-მდე ითარგმნებოდა, როგორც „მართლდიდებაჲ“ ხოლო VII–VIII სს-იდან საბოლოოდ მკვიდრდება ფორმა „მართლმადიდებლობაჲ“.

საგულისხმოა, რომ XII ს. გელათურ სკოლაში ტერმინი ორთოდოქსია ითარგმნა, აგრეთვე, როგორც „მართლმთნებელობაჲ“, გამომდინარე იქიდან, რომ ცალკე აღებულ „დოქსას“ ამ სკოლის მოღვაწეებმა შეუფარდეს ტერმინი „თნებაჲ“.

მსოფლიოში ამჟამად არის რამდენიმე ადგილობრივი (ავტოკეფალიური) მართლმადიდებელი ეკლესია: კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, რუსეთის, საქართველოს (იხ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია), სერბეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, ელადის, ალბანეთის, პოლონეთის, ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის, ამერიკისა და კანადის. არსებობს ასევე ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიები: ფინეთის, იაპონიის, სინას მთისა და რაითისა.

ლიტ.: ევსები კესარიელი, საეკლესიო ისტორია, თბ., 2007; სინური მრავალთავი, თბ., 1959; უძველესი იადგარი, თბ., 1980; ჭელიძე ე., ძველი ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია, თბ., 2022; The Patristic Greec Lexicon, Edited By G.W.H. Lampe, D.D. Oxford At The Clarendon Press, 1961.

გ. თოდუა