მართლმსაჯულება

მართლმსაჯულება, სამართლის ქართულენოვანი ტერმინი. სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ფორმა. ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მ. ხელისუფლების ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად. მ-ის სიმბოლოდ უძველესი დროიდან სასწორი იყო მიჩნეული.

მ. საქართველოში ხორციელდება საერთო სასამართლოების მიერ, რ-იც შედგება სამი ინსტანციის სასამართლოსგან: პირველი ინსტანციის შემადგენლობაშია რ-ნული (საქალაქო) სასამართლოები, რ-თა შემადგენლობაში შედიან მაგისტრატი მოსამართლეებიც; სააპელაციო სასამართლოებია თბილ. და ქუთ. სააპელაციო სასამართლოები; საკასაციო სასამართლოა საქართვ. უზენაესი სასამართლო.

მ-ს ახორციელებენ მხოლოდ პროფესიონალი მოსამართლეები – საქართვ. ქმედუნარიანი მოქალაქეები 30 წლის ასაკიდან, რ-თაც აქვთ უმაღლ. იურიდ. განათლება, აქვთ სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება, ფლობენ სახელმწ. ენას, ჩაბარებული აქვთ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქვთ იუსტიციის უმაღლ. სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილი არიან იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში. მოსამართლეების თანამდებობაზე გამწესების გადაწყვეტილებას იღებს საქართვ. იუსტიციის უმაღლ. საბჭო, საქართვ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს კი ირჩევს საქართვ. პარლამენტი საქართვ. იუსტიციის უმაღლ. საბჭოს წარდგინებით. საქართვ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევი პირი თავისუფლდება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისგან.

მ-ის პროცესში, სისხლის სამართლის ზოგიერთ საქმეზე, ასევე, შეიძლება მონაწილეობდნენ ნაფიცი მსაჯულები. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება სხვადასხვა პროფესიის 6-იდან 12-მდე ნაფიცი მსაჯულისგან, რ-ებიც საქმეზე იღებენ საბოლოო ვერდიქტს: გამამართლებელს ან გამამტყუნებელს. ნაფიცი მსაჯულების მიერ გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოცხადების შემთხვევაში, მოსამართლე ნიშნავს სასჯელის დანიშვნის სხდომას, ნაფიც მსაჯულთა რეკომენდაციის გათვალისწინებით კი – სასჯელს კანონის შესაბამისად.

ი. უჯმაჯურიძე