მარი იური (გიორგი) ნიკოლოზის ძე (7(19). I. 1893, სანქტ-პეტერბურგი, – 1. XII. 1935, აბასთუმანი, დაკრძალულია თბილისში), ენათმეცნიერი, ირანისტი, პროფესორი (1934), აკად. ნ. მარის შვილი. 1913 ჩაირიცხა სანქტ-პეტერბურგის უნ-ტის აღმოსავლურ ენათა ფაკ-ტზე თავდაპირველად არაბ., შემდეგ სპარს. ფილოლ. განხრით. უნ-ტის დამთავრების შემდეგ ერთხანს მასწავლებლად იყო მამისეულ სოფ. ბუკისციხეში. 1919–21 თანამშრომლობდა თბილ. უნ-ტის ბ-კასთან. 1922 დაბრუნდა პეტროგრადში და აქტიურად ჩაება ირანისტიკის დაფუძნების საქმიანობაში. 1925 ორი წლით მივლინებული იყო ირანში, სადაც აგროვებდა ფოლკლორულ და ეთნოგრ. მასალას. 1929-იდან საცხოვრებლად გადმოვიდა თბილისში. ლექციებს კითხულობდა თსუ-ში, შემდეგ დასახლდა აბასთუმანში. მ-მა დააარსა სერიები: „ხაკანი – ნიზამი – რუსთაველი“, „სპარსულ-ქართული ცდანი“, შეადგინა „დოკუმენტირებული სპარსულ-რუსული ლექსიკონი“, იკვლევდა კლასიკური და თანამედროვე სპარს. ლიტ-რის, ენის, ფოლკლორისა და ეთნოგრ. საკითხებს. 1934 მონაწილეობა მიიღო თეირანში გამართულ ფირდოუსის საიუბილეო კონგრესის მუშაობაში.
თხზ.: Хакани–Низами–Руставели, [т.] 1–2, М.-Л., Тб., 1935–66 (თანაავტ. К. И. Чайкин); Статьи, сообщения и резюме докладов, I, М.-Л., 1936; Статьи и сообщения, II, М.-Л., 1939 (ი. მეგრელიძის რედ. წინასიტყვ. და ბიბლიოგრ.); Материалы для персидско-русского словаря, Тб., 1974; Письма о персидской литературе, Тб., 1976 (თანაავტ. К. И. Чайкин).
ლიტ.: გვახარია ა., იური (გიორგი) ნიკოლოზის ძე მარი, „მაცნე. ენისა და ლიტერატურის სერია“, 1973, №4; შარაძე გ., ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. 6, თბ., 2005.
ა. გვახარია