მარი ნიკოლოზ (ნიკო) იაკობის ძე [25. XII. 1864 (6. I. 1865), ქუთაისი, – 20. XII. 1934, ლენინგრადი], ენათმეცნიერი, ფილოლოგი, პოლიგლოტი, ორიენტალისტი, არქეოლოგი, კულტურის ისტორიკოსი. რუსეთის მეცნ. აკად. ნამდვ. წევრი (1912). მ-ის მამა შოტლანდიელი იყო (ქუთაისის ბოტან. ბაღის დამაარსებელი), დედა – აღათი მაღულარია. 1884 დაამთავრა ქუთ. კლასიკური გიმნაზია, 1890 – პეტერბურგის უნ-ტის აღმოსავლურ ენათა ფაკ-ტი. 1891–1900 იყო ამავე უნ-ტის პრივატ-დოცენტი. 1894–96 მუშაობდა სტრასბურგის უნ-ტის, ვატიკანისა და რომის ბ-კებში ქართ. ხელნაწერთა შესასწავლად. 1898 ნ. კონდაკოვის ექსპედიციასთან ერთად გაემგზავრა ათონის მთაზე, 1902 – სინას მთაზე ი. ჯავახიშვილთან და ბიზანტინოლოგ ი. ვასილევთან ერთად. 1913-იდან იყო პეტერბურგის უნ-ტის აღმოსავლურ ენათა ფაკ-ტის დეკანი, 1924–30 – ლენინგრადის საჯარო ბ-კის დირექტორი, 1930-იდან – სსრკ მეცნ. აკად. ვიცე-პრეზიდენტი.
მ. იკვლევდა ქართულ ენას (ქართველურ ენებს) და მის ნათესაობას სხვა ენებთან. წამოაყენა ჰიპოთეზა (1888–1916), რომ ქართ. ენა ენათესავება სემიტურს და ქართველურ ენებს იაფეტური ენები უწოდა (ბიბლიური ნოეს შვილის – იაფეტის სახელიდან). ამ მიმართულებით კვლევამ იგი საბოლოოდ მიიყვანა ენათა ნათესაობის უარყოფამდე და ერთიანი გლოტგონიური თეორიის შექმნამდე, რაც მკაცრად იქნა გაკრიტიკებული (იხ. იაფეტური თეორია).
მ-ს დიდი დამსახურება მიუძღვის ქართ. და სომხ. ფილოლ. განვითარებაში. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართველურ ენათა შესწავლის საქმეში. გამოაქვეყნა (რუს. ენაზე) „ძველი ქართული ენის გრამატიკის ძირითადი ტაბულები“ (1908), „ჭანურის გრამატიკა“ (1910), „ძველი ქართული სალიტერატურო ენა“ (1925), „ქართული ენა“ (ფრანგულად, მ. ბრიერთან ერთად, 1931), საყურადღებო წერილები სვანური ენის შესახებ. მოგვცა მრავალი ანგარიშგასაწევი ეტიმოლოგია ქართველურ ენათა მასალაზე. მთის კავკასიური ენებიდან მ-მა დიდი ყურადღება დაუთმო აფხაზურს და მას რამდენიმე გამოკვლევაც უძღვნა. მნიშვნელობა არ დაუკარგავს მ-ის წერილებს სომხურის, როგორც „ნარევი ენის“ შესახებ (1911–19). 1921 პეტროგრადში დააარსა „იაფეტიდოლოგიური (1922-იდან – „იაფეტური“) ინსტიტუტი“, რ-იც 1933 შეცვალა „ენისა და აზროვნების ინსტიტუტმა“. მ-ის ინიციატივით შეიქმნა შემდეგი სამეცნ. სერიები: „Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии‟, 1900–13; „Материалы по яфетическому языкознанию“ 1922–29, „Яфетический сборник“, 1922–32; „Язык и мышление“, 1933–49; „Христианский Восток“, 1912–22, „Bibliotheca Armeno-Georgica“, „Monumenta Hagiographica Georgica“ და სხვ.
მ-მა დიდი ამაგი დასდო ქართ. სას. და საერო მწერლობისა და კულტ. საკითხების შესწავლას ფუნდამენტური მონოგრაფიული გამოკვლევებით. მან ძვ. ხელნაწერების მიხედვით, სათანადო მეცნ. კომენტარებით, ლექსიკონითა და რუს. თარგმანითურთ გამოსცა „პეტრე იბერის ცხოვრება“ (1896), იპოლიტე რომაელის „თარგმანება ქებათა-ქებათა“ (1901), ბასილი კესარიელის „ფიზიოლოგი“ (1904), ანტიოქე სტრატიგის „იერუსალიმის წარტყვევნის“ არაბ. ტექსტის ქართ. თარგმანი (1909). განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სინას მთასა და იერუსალიმში ექსპედიციის დროს ქართ. ჰაგიოგრაფიის ბრწყინვალე ძეგლის – გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ აღმოჩენა, რ-იც რუს. თარგმანითა და ვრცელი გამოკვლევით გამოსცა 1911. იოანე პეტრიწისადმი მიძღვნილი გამოკვლევებით მ-მა საფუძველი ჩაუყარა ქართ. საზ. და ფილოს. აზრის განვითარების ისტ. შესწავლას.
მ-მა გამოკვლევები უძღვნა ქართ. კლასიკური საერო მწერლობის ძეგლებს: პირველმა გამოსცა გამოკვლევითა და კომენტარებითურთ „აბდულმესიანი“ და „თამარიანი“ („ძველი ქართველი მეხოტბენი“, რუს. ენაზე, 1902). გააშუქა „ამირანდარეჯანიანთან“, „ვისრამიანთან“, „შაჰნამესთან“, „რუსუდანიანთან“ დაკავშირებული ქართ.-სპარს. და ქართ.-არაბ. ლიტ. ურთიერთობათა საკითხები. მ-მა საფუძველი ჩაუყარა რუსთველოლოგიას, როგორც სამეცნ. დისციპლინას, განსაკუთრებული ღვაწლი დასდო „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის საკითხების, რუსთაველის იდეოლოგიისა და მისი ეპოქის შესწავლას, გამოსცა პოემის პროლოგისა და ეპილოგის ტექსტები («შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ შესავალი და დასკვნითი სტროფები», რუს. ენაზე, 1910) სათანადო გამოკვლევითა და რუს. თარგმანითურთ; მნიშვნელოვანია მისი ნაშრომი რუსთაველის ეპოქისა და კულტურული გარემოს შესახებ – „ვეფხისტყაოსანი და ახალი კულტურულ-ისტორიული პრობლემა“ (1917).
დიდია მ-ის დამსახურება საქართვ. ისტ. მეცნიერულ შესწავლაშიც. ფეოდალური ხანის ცალკეულ გაურკვეველ პრობლემათა გაშუქების გარდა (ტაოკლარჯეთის ისტ. საკითხები, ანისში აღმოჩენილი ეტიფანე ქართლის კათოლიკოსის წარწერის ანალიზი და სხვ.) მას ეკუთვნის „საქართველოს ისტორია“ (პეტერბურგი, 1906) რუს. ენაზე, რ-შიც გადმოცემულია ქართვ. ხალხის ისტორია ძვ. წელთაღრიცხვის II ათასწლ. დასასრულიდან; განხილულია ქართ. კულტ. ისტ. საკითხები (დამწერლობის, ქრისტიანობის წარმოშობა, ლიტ. ისტორია და სხვ.); ყურადღება ექცევა ქართვ. ხალხის ეთნოგენეზის პრობლემასაც. საქართვ.-კავკ. უძველესი ხანის ისტორია ერთ მთლიანობაშია გადაწყვეტილი (ქართ.-კავკ. ტომთა მცირე აზიიდან მიგრაციის, ქართველ-ურარტუელ ტომთა ნათესაობის, ქართ.-ბასკური პარალელების საკითხები და სხვ.).
მ-ის მეცნ. მოღვაწეობაში გარკვეული ადგილი უჭირავს არქეოლოგიასაც. მის მიერ ჩატარებულ გათხრებს ანისში (1892-იდან) დიდი მნიშვნელობა ჰქონდა შუა საუკ. სომხ. ქ-ებისა და კულტ. ისტორიის შესწავლისათვის. 1893 დაიწყო ვორნაკის სამაროვანის გათხრა. განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო გათხრები ვანის ტბის (თურქეთი) სამხრ. სანაპიროზე 1916. აქ მ-მა გაშიფრა ი. ორბელის მიერ აღმოჩენილი ურარტუს მეფის სარდურ II-ის (760–730) ცნობილი სოლისებრი წარწერა, რ-ის ერთ-ერთ მუხლში მოხსენიებული იყო კულხას (კოლხას) ქვეყანა.
თხზ.: შავშეთსა და კლარჯეთში მოგზაურობის დღიურები, ბათ., 2012; Автобиография академика Н. Я. Марра, написанная специально для „Огонька“, „Огонек“, 1927, №27; Избранные работы, т. 1–5, М.-Л., 1933–1937; Ани. Книжная история города и раскопки на месте городища, Л.-М., 1934; Об истоках творчества Руставели и его поэме. Подготовка сборника к печати, ред. текста, коммент. и примечания И. В. Мегрелидзе, Тб., 1964; Вопросы „Вепхисткаосани‟ и „Висрамиани‟. Подгатовка сборника к печати, исследование, коммент. и примеч. И. В. Мегрелидзе, Тб., 1966.
ლიტ.: ბარამიძე ა., ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 5, თბ., 1971; ბერიძე ვ., რუსთველოლოგიური ეტიუდები, თბ., 1961; ბოლქვაძე თ., საბჭოთა ენათმეცნიერების ქართული სამკუთხედი თბ., 2018; მეტრეველი რ., მსოფლიო მეცნიერი ქართული სახლიდან, თბ., 2016; ნადარეიშვილი გ., ნიკო მარი და ქართული სამართლის ისტორიის საკითხები, თბ., 1989; ონიანი გ., სტალინი და ნიკო მარი, „ვეფხისტყაოსნის“ სვანურად თარგმნის ზოგიერთი საკითხისათვის, ნ. მარის მოგზაურობა სვანეთში, 1911–12, თბ., 2017; ორი სურათი ანისში. წმიდა ნინო და თამარ მეფე, „ცნობის ფურცელი“, 1905, №2884; შამილაძე ვ., მიმინოშვილი ო., ნიკო მარი და ქართულ-კავკასიური ეთნოლოგიის პრობლემები, წგ.: საქართველოს ეთნოლოგიის ისტორია, I, ბათ., 2009; ჩიქობავა არნ., იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია, თბ., 1965; ძიძიგური შ., ნიკო მარი – ქართული კულტურის მკვლევარი, თბ., 1965; Абаев В. И., Н. Я. Марр (1864–1934). К 25-летию со дня смерти, „Вопросы языкознания“, 1960, №1.
ა. ბარამიძე
გ. იმედაშვილი
თ. უთურგაიძე
თ. შარაშენიძე