მარიამი

მარიამი, საქართველოს დედოფალი XI ს-ში, საქართველოს მეფის გიორგი I-ის მეუღლე, ვასპურაკანის მეფის სენაქერიმ II-ის ასული, ბაგრატ IV-ის დედა. მ. მცირეწლოვანი ბაგრატის მეფობის დროს აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის მართვაში. შეეცადა ბოლო მოეღო დაუცხრომელი შინაფეოდალური ბრძოლებისათვის, რითაც სარგებლობდა ბიზანტია და ცდილობდა მიწები წაეგლიჯა საქართველოსათვის. 1030 კონსტანტინოპოლში საზავო მოლაპარაკებას აწარმოებდა იმპ. რომანოზ III არგირუსთან. იმპერატორმა მას აღუთქვა საქართველოში მშვიდობის დამყარება, ბაგრატ IV-ს უბოძა კურაპალატის წოდება და თავისი ძმის, ბასილის, ქალი ელენე მიათხოვა. მ. 1031–32 შეეცადა შემოერიგებინა ბაგრატ IV-ის ნახევარძმა დემეტრე, რ-ის გამეფება სურდათ მეფის მოწინააღმდეგე დიდ აზნაურებს. 1045 უმეფოდ დარჩენილი ანისი ქალაქის ბერებმა ბაგრატ IV-სა და მ-ს გადასცეს. მ-მა ანისში ერისთავი აბუსერი დააყენა გამგებლად. 1052 ბიზანტიაში გაჰყვა თავის შვილს, ბაგრატ IV-ს, რ-იც ლიპარიტ IV-მ შეავიწროვა. მ. კონსტანტინოპოლში ყოფნისას დიდ დახმარებას უწევდა ათონის ივერთა მონასტერს; იგი განსაკუთრებული ღვაწლისათვის მონასტრის აღაპებში გათანაბრებულია ათონის ივერთა მონასტრის მაშენებლებთან.

ბიზანტიაში ყოფნისას მ. დაემოწაფა გიორგი მთაწმიდელს, რ-მაც იგი მონაზვნად აღკვეცა. მ-ის დახმარებით გიორგი მთაწმიდელმა იმპერატორისაგან მიიღო შავ მთასა და იერუსალიმში წასვლის ნებართვა. მ-მა მას გაატანა მდიდრული შესაწირავი, რ-იც იერუსალიმის მონასტრის წინამძღვარმა პროხორემ ჯვრის მონასტრის აგებას მოახმარა. 1057 მ. საქართველოში დაბრუნდა. იგი ფიქრობდა ქვეყნის კულტურის აღორძინებაზე, გიორგი მთაწმიდელს იწვევდა საქართველოში საეკლ. საქმეების მოსაწესრიგებლად. მ. ცოცხალი იყო ბაგრატ IV-ის გარდაცვალების (1072) შემდეგაც. 1104 რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერაში იგი მიცვალებულად იხსენიება.

წყარო: გიორგი მცირე, ცხორებაჲ გიორგი მთაწმიდელისაჲ, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 2, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1967; მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.

ლიტ.: სამუშია ჯ., ბაგრატ IV-ის კონსტანტინოპოლში სამწლიანი ტყვეობა და საქართველო-ბიზანტიის 1055 წლის ზავი, „თსუ საქართველოს ისტორიის ინ-ტის შრომები“, 2011, [ტ.] 2; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1965.

მ. ბერძნიშვილი