მარიამისეული „ქართლის ცხოვრება“, „ქართლის ცხოვრების“ ნუსხა, გადაწერილი 1633–46 ქართლის მეფის როსტომის (1632–58) მეუღლის მარიამის ბრძანებით, რის გამოც მას მარიამისეული ეწოდა. მ. „ქ. ც.“ დღემდე მოღწეულ ხელნაწერთა შორის ერთ-ერთი უძვირფასესია. შეიცავს 932 გვერდს. დაწერილია მოსქო თეთრ ქაღალდზე ლამაზი მხედრულით და ჩასმულია ტყავგადაკრულ ხის ყდაში.
ხელნაწერი აღმოაჩინა დ. ბაქრაძემ 1884. მანვე დაიწყო მ. „ქ. ც-ის“ მეცნიერული შესწავლა და რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაშრომიც მიუძღვნა. შემდეგ ხელნაწერი შესწირა ახალდაარსებულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზ-ბას. ამჟამად ინახება საქართვ. ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრში. მ. „ქ. ც.“ შეიცავს სუმბატ დავითის ძის ქრონიკას, რაც „ქართლის ცხოვრების“ არცერთ მანამდე ცნობილ ნუსხაში არ მოიპოვებოდა და თამარ მეფის ისტორიას – „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“. მ. „ქ. ც-ში“ საქართველოს ისტორია გადმოცემულია XIV ს-მდე (გარდა ზემოთ დასახელებული ისტორიული ნაშრომებისა, მასში შედის ლეონტი მროველისა და ჯუანშერის თხზულებანი, „მატიანე ქართლისა“, დავით აღმაშენებლის ისტორია, ჟამთააღმწერლის თხზულება და სხვ.).
პუბლ.: ქართლის ცხოვრება, მარიამ დედოფლისეული [ვარიანტი], ე. თაყაიშვილის რედ., ტფ., 1906.
ლიტ.: მეტრეველი რ., „ქართლის ცხოვრების“ მარიამ დედოფლის ნუსხის ე. თაყაიშვილისეული მარგინალიები, კრ.: ნარკვევები, თბ., 2009, ტ. 2; ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 8, თბ., 1977.
რ. მეტრეველი