მარიამ-მაკრინა (დაახლ. 1696–98, – 1744 შემდეგ), პოეტი. ერეკლე I-ის (ნაზარ-ალი-ხანი) ასული, ედიშერ ჩოლოყაშვილის მეუღლე. მალე დაქვრივდა. 1716-იდან მონაზვნად აღიკვეცა და მაკრინად იწოდა. მოღვაწეობდა ალავერდის კათედრალთან წმ. ნიკოლოზის ტაძარში. მ.-მ. დაახლოებული იყო კახეთის სამეფო კართან. ძმების – კახეთის მეფეების – დავალებით შეუდგენია სამეფო დოკუმენტები (მაგ.: ე. წ. „ღვთაების გუჯარი“ და სხვ.), რ-ებიც თავისი მხატვრულობით გამოირჩევა სხვა ანალოგიური საბუთებისაგან. მ-მ-ს ლიტ. მემკვიდრეობიდან ცნობილია იოსებ ალავერდელისადმი მიძღვნილი 2 ჰიმნოგრაფიული კანონი, ამავე წმინდანის სვინაქსარული ცხოვრება და ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი აკროსტიქული შესხმა.
თხზ.: [წიგნში] ასათიანი ლ., ძველი საქართველოს პოეტი ქალები, [თბ.], 1936.
ლიტ.: კეკელიძე კ., ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ.] 4, თბ., 1957; ქავთარია მ., XVIII საუკუნის ქართული ჰიმნოგრაფიის ისტორიიდან, კრ.: მრავალთავი. ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი, [ტ.] 2, თბ., 1973; ცინცაბაძე მ., ქართველი ჰიმნოგრაფი ქალი, „მაყვლოვანი“, 2011, №4.
მ. ქავთარია