მარიამწმინდის ეკლესია, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის (სამცხე-ჯავახეთის მხარე) სოფ. ქვაბისხევის ჩრდ.-დას-ით, ორიოდე კმ-ზე, მდ. ქვაბისხევის მარცხ. ნაპირზე, მაღალი კლდის თავზე, რ-ის ფართობი ოდნავ აღემატება თავად ეკლესიის ზომებს.
ეკლესია ბაზილიკური ტიპისაა (10,0 მ × 8,8 მ). თარიღდება VIII–IX სს-ით. არქიტექტურული ფორმებით იგი სამნავიანია, თუმცა იმდენად მოკლეა, რომ შიგა სივრცის აგებულებით ამ ტიპის ნაგებობებისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. შუა ნავის ფართობია (საკურთხევლის ჩათვლით) დაახლ. 30 მ 2, ხოლო თითოეული გვერდითი ნავის სიგანე – 1,2 მ. ეკლესიის გვერდითი ნავები მთავარი ნავისგან განცალკევებულია თაღების წყვილით, რ-ებიც მთავარი ნავის მხარეს ორსაფეხურიანია. თაღები ეყრდნობა მთლიანი ქვის ოთხწახნაგოვან ბოძებს (სიმაღლე 1,25 მ), რ-ებსაც კუთხეები ჩამოთლილი აქვთ და კვადრატული კაპიტელით არის დასრულებული. მთავარი ნავის კამარა, მცირე სიგრძის მიუხედავად, დაყრდნობილი იყო ორ საბჯენ თაღზე, თაღები კი – კონსოლებზე. მთავარი ნავი განათებულია ოთხი სარკმლით. მათგან ერთი აფსიდშია, ერთი – დას. კედელში, ხოლო ორი – სამხრ-ით. საკურთხეველი ვრცელია, გეგმით ოდნავ ნალისებრი ფორმის. აფსიდს მთელ სიგრძეზე გაუყვება დაბალი საფეხური. გვერდითი ნავები თანაბარი სიგანისაა. ჩრდ. ნავი აფსიდითაა დასრულებული. აფსიდში მცირე ზომის სარკმელია, მსგავსი სარკმელია ნავის დას. კედელშიც.
სამხრ. ნავს აღმ-იდან ეკვრის მცირე ზომის აფსიდიანი ეგვტერი, რ-იც ნავთან დაკავშირებულია დაბალი კარით. ეკვდერს სარკმელი არა აღმ-იდან, არამედ სამხრ-იდან აქვს. სამხრ. და ჩრდ. ნავი ორი სარკმლითაა განათებული – სამხრ-იდან და დას-იდან.
ეკლესია ნაგებია მოზრდილი ზომის ნატეხი ქვით. კონქი, თაღები, იმპოსტები და განსაკუთრებით გამოყოფილი ადგილები გამოყვანილია სუფთად ნათალი ქვით. ეკლესიის ფასადები სადაა. გაფორმებულია მხოლოდ დას. სარკმელი, რ-იც თარაზულადაა გადახურული მოზრდილი ზომის ქვით. ქვაზე ნახევარწრიული შეღრმავებაა, დანარჩენ არეზე კი, თანაბარი ზომის სამი წრეა გამოყვანილი, რ-ებშიც (ფონის შეღრმავებით) თითო ტოლმკლავა, ბოლოებგაფართოებული ჯვრის გამოსახულებაა. კედლები დასრულებულია მაღალი ლავგარდნით. მის პროფილს შეადგენს მცირე სიმაღლის თარო და შეზნექილი ზედაპირი, რ-იც პირდაპირ უერთდება კედლის სიბრტყეს.
ეკლესიის ეგვტერში შემორჩენილია XII–XIII საუკუნეების დაზიანებული მოხატულობა. შედარებით უკეთაა შემორჩენილი ორი საერო პირის გამოსახულება, რ-ებიც ჩრდ. კედელზე, ღია ნაცრისფერ ფონზეა გამოსახული. მათგან ერთი მამაკაცია – წარწერით „შოთა“, ხოლო მეორე (მის წინ მდგომი) ქალი – წარწერით „იაი“ (გამოთქმულია მოსაზრება რომ მამაკაცი შოთა რუსთაველია, ქალი კი – მისი დედა). პორტრეტების თავზე, კამარის არეში ეკლესიის ორი წმ. მამის გამოსახულებაა, ხოლო მათ წინ კიდევ ერთი ფიგურაა – მთელი სიმაღლით. დანარჩენი მოხატულობა ფრაგმენტულადაა შემორჩენილი. კონქში, მარცხნივ, იოანე ნათლისმცემელია გამოსახული, მის ქვემოთ – ეკლესიის მამა.
ბაზილიკის სამხრ. ნავზე, აღმ-იდან, მიშენებულია მცირე სათავსი (საძვალე), რ-საც შესასვლელი სამხრ-იდან აქვს.
XX ს. 80-იანი წლების ბოლოს ეკლესიას ჩაუტარდა რესტავრაცია. ადრე იგი გადახურული იყო დიდი ქვის ფილებით, XXI ს. 10-იანი წლების დასაწყისში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს კი თუნუქით გადახურეს.
ლიტ.: ბარამიძე ალ., ქვაბისხევის ფრესკის გარშემო, წგ.: ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 8, თბ., 1985; ბართაია ე., ქვაბისხევის ტაძარი და მისი საიდუმლოება, „საბჭოთა ხელოვნება“, 1987, № 8; ბერძენიშვილი დ., საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, თბ., 1985; მაკალათია ს., ბორჯომის ხეობა, თბ., 1957; ქვაბის-ხევის ხეობის ძველი ბაზილიკა, „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები“, 1948, ტ. 34; ცაიშვილი ს., შოთას პორტრეტი ქვაბისხევის ბაზილიკაში, წგ.: ძველი ქართული მწერლობა, თბ., 1985; ხ უ ჯ ა ძ ე გ., ბორჯომის ხეობა, თბ., 1969; Чубинашвили Г. Н., Древняя базилика в ущелье Квабис-Хеви, წგ.: Вопросы истории искусства, т.1 , Тб., 1970.
თ. დვალი