მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალი, სახელმწიფო ნაკრძალი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ცივგომბორის ქედის სამხრ. კალთაზე, საგარეჯოს ჩრდ.-აღმ-ით, სოფ. ანთოკის ჩრდ-ით. ნაკრძალის ადმინისტრაციაში შედის: მ. ს. ნ., ყორუღის აღკვეთილი და ივრის აღკვეთილი.
მ. ს. ნ-ის საერთო ფართობია 1022,5 ჰა. დაარსდა 1935 რელიქტური სოსნოვსკის ფიჭვის იშვიათი მასივის შემოსანახად. მისი ანალოგი არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ არ მოიპოვება. ნაკრძალის დიდი ნაწილი ტყითაა დაფარული. აქ ხარობს რცხილა, ჯაგრცხილა, მუხა, წიფელი, ნეკერჩხალი, თელა. ქვეტყეში მრავალი სახეობის ბუჩქია. სოსნოვსკის ფიჭვი გავრცელებულია ზ. დ. 800–1800 მ-ზე. ქმნის როგორც წმინდა (კონგლომერატებზე, ნაშალებზე, რიყეებსა და გამოტანის კონუსებზე), ისე შერეულ ხევნარებს ფიჭვნარ-მუხნარის, ფიჭვნარ-რცხილნარისა და სხვათა სახით. ვხვდებით სოსნოვსკის ფიჭვის ოთხ ფორმას: პირამიდულს (Pinus Sosnowsky Nakai var. pyramidalis Kurd.), კომპაქტურს (Pinus Sosnowsky Nakai var. compacta Kurd.), ოვალურს (Pinus Sosnowsky Nakai var. ovalus Kurd.) და ქოლგისებრს (Pinus Sosnowsky Nakai var. umbraculifera Kurd.).
ყორუღის აღკვეთილი საქართვ. სამხრ.-აღმ. ნაწილში საგარეჯოსა (1489 ჰა) და გურჯაანის (579 ჰა) მუნიციპ-ების ტერიტორიებზე მდებარეობს. იგი განლაგებულია ივრის ხეობაში და წარმოადგენს არასწორი ფორმის ვიწრო ზოლს, რ-იც ჩრდ.-დას-იდან მიემართება სამხრ.-აღმ-ით. აღკვეთილის ადმ. შენობა მდებარეობს საგარეჯოდან 14 კმ-ზე.
ივრის აღკვეთილი მდებარეობს სიღნაღის მუნიციპ-ის ტერიტ-ზე. მისი ფართობია 2126,8 ჰა. იგი იწყება ყორუღის აღკვეთილის სამხრ. საზღვართან გამავალ სარწყავ არხთან და დალის მთის წყალსაცავთან, ჭაჭუნის სახელმწ. აღკვეთილის ჩრდ. საზღვართან კი მთავრდება. აღკვეთილის ტერიტორიას ორივე მხრიდან ესაზღვრება სიღნაღის მუნიციპ-ის მიწის ფონდის სას.-სამ. სავარგულები, ძირითადად საძოვრები. აღკვეთილის ტერიტ. სიღნაღიდან დაშორებულია 30 კმ-ით, ხოლო თბილისიდან – 135 კმ-ით. ყორუღისა და ივრის აღკვეთილების შექმნის მთავარი მიზანია უნიკალური ჭალის ტყეების (ყორუღი), ტუგაის ტიპის ტყეების (იორი) ფლორისა და ფაუნის დაცვა, მოვლა და აღწარმოება.