მარიონეტების სახელმწიფო თეატრი, თბილისის მარიონეტების პროფესიული სახელმწიფო თეატრი. პირველი ქართული მარიონეტების თეატრი თბილისში დააარსა რ. გაბრიაძემ 1981. ეს საავტორო თეატრია, რ-იც ერთი ადამიანის შემოქმედებითი ენერგიით არის შექმნილი. მარიონეტების თეატრის მეშვეობით მან ერთ სივრცეში გააერთიანა თავისი მრავალმხრივი შემოქმედება. რ. გაბრიაძე რეჟისორი, დრამატურგი, მხატვარი და მოქანდაკე – თავად წერდა პიესებს, ქმნიდა თოჯინებს და მათ თავისი თეატრის სცენაზე აცოცხლდებდა. მისი გმირების საოცარი იუმორი, ხალასი ადამიანური სითბო და ჰუმანიზმი, დარდი თუ სიხარული მსოფლიოს ნებისმიერი ეროვნების ადამიანისთვის მისაღები და გასაგებია, რადგან ამ თეატრის ენა უნივერსალურია. მ.ს.თ-ში დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია „ალფრედი და ვიოლეტა“ (1982; განახლებული დადგმის რეჟ. ლ. გაბრიაძე, 2021), „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“ (1982; მხატვარი თ. მირზაშვილი; განახლდა 2015), „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“ (1985, განახლდა 2002), „ტრაპეზუნდის იმპერატორის ქალიშვილი“ (1988), „სტალინგრადი“ (1998), „რამონა“ (2013) და სხვ.
მარიონეტების თეატრის შუა საუკუნეების ხელოვნებას რ. გაბრიაძემ სრულიად ახალი მნიშვნელობა მიანიჭა და ქართ. კულტურის ორგანულ ნაწილად აქცია. წლების განმავლობაში მ. ს. თ. სპექტაკლების მეშვეობით ეწევა ქართ. კულტურის პოპულარიზაციას ქვეყნის საზღვრებს გარეთ. თეატრმა გასტროლებით მოიარა მრავალი ქვეყანა და არაერთ საერთაშ. ფესტივალში მიიღო მონაწილეობა (ავინიონი, ედინბურგი, ნიუ იორკი, პარიზი, ლონდონი, ჩარლსტონი, პეტერბურგი, მოსკოვი და სხვ.). შენობის ფასადზე ოქროსფერასოებიანი წარწერით გამოხატულია თეატრის შემოქმედებითი დევიზი: „Extra Gepam Nihil Cogito Nos Lacrimare“ („დაე, ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისგან გვდიოდეს“). 2010-იდან თეატრის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად იქცა რ. გაბრიაძის ესკიზების მიხედვით აგებული საათიანი კოშკი, რ-საც უამრავი მნახველი ჰყავს.
2017-იდან თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია ლ. გაბრიაძე. 2022 წლის მდგომარეობით დასის წევრები არიან: თ. ამირაჯიბი, ა. ნიჟარაძე, ბ. გვაზავა, ი. შარაშიძე, თ. კობახიძე, ნ. გელოვანი, გ. გიორგობიანი, ნ. დემეტრაშვილი, მ. ბლიაძე.
თ. თურმანიძე