მარიჯანი (ფსევდ.; ნამდვ. გვარი მარიამ მარკოზის ასული ალექსიძე, ქალიშვილობაში – ტყემალაძე) [12 (24). VI. 1890, თბილისი, – 9. V. 1978, იქვე], პოეტი. 1918–22 სწავლობდა თსუ-ის ფილოს.-ფილოლ. ფაკ-ტზე. პირველი ლექსი „ტბა“ 1916 გამოაქვეყნა, პირველი კრებ. „ლექსები“ – 1921. მ-ის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ნატიფი ლირიზმი, ორიგინალური თვალთახედვა. 1926 გამოვიდა მ-ის საბავშვო პოემა „ნელი ცირკში“, რ-მაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა პოეტის შემოქმედებითი გეზი – შემდეგ იგი, ძირითადად, საბავშვო ლექსებსა და მოთხრობებს წერდა. მისი ნაწარმოებები მოზარდ თაობას აცნობდა ცხოვრებას, სიკეთეს, სამშობლოს სიყვარულს (მოთხრობები: „ზურა ატმის ქალაქში“, 1933; „ბედნიერი თაობა“, 1937 და სხვ.; ლექსების კრებულები: „ჩვენი ქვეყანა“, 1938; „პარაშუტი“, 1939 და სხვ.), ასახავდა მოზარდი თაობის, მოსწავლეთა ყოველდღიურობას, სწავლისა და შრომის პროცესს (ლექსთა კრებ. „წლიდან წლამდე“, 1955 და სხვ.; მოთხრობები: „მამიდა თეოს მარანი“, 1948; „კეთილი გულით“, 1951; „გელა“, 1954; „ჩვენი ეზოს ბავშვები“, 1958 და სხვ.). 1949 გამოვიდა მ-ის „ლირიკული ლექსები“, 1969 – კრებ. „ისევ ლექსებით“.
მ-მა თარგმნა ს. მიხალკოვის, კ. ჩუკოვსკის, მ. ალიგერის, ა. ტოლსტოის საბავშვო თხზულებები; ი. გრიშაშვილთან ერთად კი – მოლიერის „ტარტიუფი“, ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“, ნ. პოგოდინის „თოფიანი კაცი“. მისი თარგმნილი პიესები იდგმებოდა ქართული თეატრების სცენებზე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
თხზ.: რჩეული, თბ., 1973; მამიდა თეოს მარანი, თბ., 2010; რჩეული საბავშვო მოთხრობები (2 წიგნად), თბ., 2011.
ლიტ.: ღვინიაშვილი ა., ქართული საბჭოთა საბავშვო ლიტერატურა (1921–40), თბ., 1966.
ქ. ბურჯანაძე