მარკა საფოსტო, საფოსტო უწყებების მიერ გამოშვებული საფოსტო გზავნილის მოსაკრებლის გადახდის ნიშანი. მ-ის უმრავლესობაზე დატანილია სახელმწ. ან საფოსტო ადმ. დასახელება, ნომინალური ღირებულება, სამახსოვრო და სხვა ხასიათის წარწერები. საფოსტო მიმოქცევისას მ-ზე დასვამენ შტამპს, ამის შემდეგ მისი ხელმეორედ გამოყენება დაუშვებელია.
პირველი მ. გაჩნდა დიდ ბრიტანეთსა და მის კოლონიებში (1840), შემდეგ შემოიღეს ბრაზილიაში (1843), შვეიცარიაში (ციურიხისა და ჟენევის კანტონები, 1843), აშშ-ში (1847), საფრანგეთსა (1849) და სხვა ქვეყნებში.
საქართველოს ტერიტორიაზე პირველი მ. გამოიცა 1857. ფილატელისტურ საზ-ბებში ის ცნობილია „ტფილისის უნიკას“ (Tiflis Unique) სახელწოდებით. მას აგრეთვე უწოდებენ „ტფილისის მარკას“ და „კოჯრის მარკას“, ვინაიდან ის გამოიყენებოდა თბილისსა და კოჯორს შორის საფოსტო მიმოქცევის მოსაკრებლის ნიშნად. „ტფილისის უნიკა“ ყველა ფილატელისტურ კატალოგში მოხსენიებულია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ და ძვირადღირებულ მ-დ. მასზე გამოსახულია თბილისის გერბი, მის ზედა ნაწილში კი – საქართველოს მფარველად მიჩნეული ცხენზე ამხედრებული წმ. გიორგი. აღსანიშნავია, რომ რუს. სახელმწიფო პირველ რუსულ სტანდარტულ საფოსტო მ-დ მიიჩნევს არა ,,ტფილისის უნიკას“, არამედ მოსკოვში, ექვსი თვის შემდეგ დაბეჭდილ მ-ს, რ-იც მიმოქცევაში შევიდა 1858 წ. იანვრიდან.
საქართვ. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ (26.V.1918) ეროვნ. ხელისუფლებამ ფინანს. და ტექ. საშუალებების სიმწირის გამო ვერ შეძლო ეროვნ. მ-ების სწრაფად გამოშვება. პირველი ქართ. მ-ის შემოღების თარიღად მიჩნეულია 1919 წ. 26 მაისი, თუმცა ბეჭდვის პროცესი ივლისამდე შეყოვნდა. სულ 1919 მიმოქცევაში შევიდა საქართვ. დემოკრ. რესპ. ხუთი სხვადასხვა ნომინალის სტანდარტული საფოსტო ქართ. მ., რ-თა ცენტრში, წრეში გამოსახულია საქართვ. დემოკრ. რესპ. გერბი – ცხენზე ამხედრებული წმ. გიორგი შუბით ხელში. ნაპირებზე დაბეჭდილია ქვეყნის სახელწოდება – საქართველოს რესპუბლიკა, ზედა მხარეს – მისი ფრანგ. ვარიანტი – LA GEORGIE. სხვადასხვა წყაროს ცნობით, მ-ების მთლიანი ტირაჟი არ აღემატებოდა 2000-ს. მ-ების მეორე და მესამე გამოცემა განხორციელდა 1920. მეორე გამოცემაში გაჩნდა ახ. სურათი – მჯდომარე ახალგაზრდა ქალი, რ-საც მარჯვ. ხელში შუბი უჭირავს, ხოლო მარცხენაში – ფარი. ამ მ-ს ფილატელისტთა საზ-ბაში „თამარ მეფე“ შეარქვეს.
1921 წ. 27 იანვარს, გასაბჭოებამდე ერთი თვით ადრე, საფრანგეთმა, ინგლისმა, იტალიამ, იაპონიამ და ბელგიამ იურიდიულად აღიარეს საქართვ. დემოკრ. რესპ. დამოუკიდებლობა. მიუხედავად რთული ვითარებისა, ხელისუფლებამ მოასწრო მ-ების მესამე გამოშვების დამატებითი ტირაჟის დაბეჭდვა წარწერით – 19 27/I 21 საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობა „de jure“.
ქართ. მ-ების ავტორად დ. შევარდნაძეს მიიჩნევენ, თუმცა ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ ისევე, როგორც ქართ. ბონების შექმნისას, მასთან ერთად მუშაობდნენ ი. შარლემანი და ჰ. ჰრინევსკი.
აღსანიშნავია, რომ ბათუმში ბრიტანულმა ადმინისტრაციამ 1919 წ. 4 აპრილს გამოუშვა ბათუმის მ-ების სერია, რ-ებზეც გამოსახული იყო პალმისებრთა ოჯახის ხე, ამიტომ ბათუმის მ-ს „პალმასაც` უწოდებენ. 1919 წ. ნოემბერსა და 1920 წ. ივლისში ბათუმის მ-ები მეორედ და მესამედ გამოუშვეს. ყველა მათგანზე იყო ანაბეჭდი „BRITISH/OCCUPATION“.
1921 წ. თებერვალში საქართველო გამოცხადდა საბჭ. სოციალ. რესპუბლიკად (სსსრ). იმის გამო, რომ ახ. პოლიტ. სისტემის საფოსტო მ-ები ჯერ კიდევ არ არსებობდა, საბჭ. ხელისუფლებამ მიმოქცევაში დატოვა დემოკრ. რესპ. მარკები, ანაბეჭდით: 19 25/2 21. 1922 წ. იანვარსა და თებერვალში განხორციელდა სსსრ-ის მარკების პირველი ემისია. გამოიცა სხვადასხვა ნომინაციისა და შეფერილობის ხუთი საფოსტო მარკა, რ-ებსაც ქართულად ეწერა – ერთ შემთხვევაში „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა“, მეორე შემთხვევაში მისი აბრევიატურა – „ს.ს.ს.რ.“ მათზე გამოსახული იყო რესპუბლიკის გერბი ნამგლითა და უროთი, მთესველი, დროშის აღმართვა, მუშა და ეროვნ. ტანსაცმელში გამოწყობილი ქალი. 1922 წ. მარტიდან საქართვ. გაერთიანდა ამიერკავკასიის საბჭ. ფედერ. რესპ-ების კავშირში (ა/კ სსფრ) და გარკვეული დროის განმავლობაში ბრუნვაში დარჩა ქართ. მ-ები. 1924-იდან სსრკ-ის ფოსტა-ტელეგრაფის სახალხო კომისარიატმა შემოიღო საერთო საკავშ. ტიპის მ-ები, რ-ებიც სსრკ-ის დაშლამდე შენარჩუნდა (1991).
1993 წ. 31 ივლისს საქართვ. კავშირგაბმულობის სამინისტრომ მინისტრის ფ. ინჯიას ინიციატივით გამოსცა მ-ების სერია ,,საქართველო გაეროს წევრი“, რ-ის დიზაინის ავტორია პ. ნაცვლიშვილი. მათზე გამოსახულია საქართვ. გეოგრ. კონტური, დროშა, გაეროს ემბლემა და საქართვ. გაეროში გაწევრიანების თარიღი. 1993 დაიბეჭდა მ-ები: ,,საქართველოს რესპუბლიკა“ და ,,ხახულის ხატი“ (დიზაინერი გ. ხარაძე), ,,ჰაერი` (დიზაინერი გ. კომლევი); დაიწყო გამოცემა სერიისა ,,საქართველოს ხუროთმოძღვრული ძეგლები“ (დიზაინერი ვ. ორბელიძე).
მას შემდეგ დღემდე ყოველწლიურად გამოიცემა სხვადასხვა თემატიკისა და ნომინალის ქართ. მ-ები, მათი ტირაჟი ყოველწლიურად იზრდება. მ-ებზე გამოსახულია საქართვ. ფლორა და ფაუნა, ისტ. მოვლენები, კულტურის ძეგლები, საქართველოსთან დაკავშირებული საერთაშ. მოვლენები, ქართვ. მწერლები, მეცნიერები, სპორტსმენები და სხვ. დაიხვეწა და მრავალფეროვანი გახდა მათი დიზაინი, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვით პ. ნაცვლიშვილს, ბ. გაგნიძეს, ბ. ქობლიანიძეს, გ. ქართველიშვილს, გ. მამულაშვილს, ვ. ორბელიძესა და სხვ.
ბ. ქობლიანიძე