მარკოზაშვილი ვასილ ივანეს ძე (1. I. 1838, თბილისი, – 26. III. 1908, პავლოვსკი,რუსეთი), რუსეთის იმპერიის არმიის ინფანტერიის გენერალი (1897), გენ.-ლეიტენანტი (1893-იდან), სამხედრო მწერალი. 1854 სამხ. სამსახური დაიწყო იუნკრად ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში, 1856-იდან იყო კავკასიის ჯარში. მონაწილეობდა ყირიმის (1853–56), რუს.-ოსმალეთის (1877–78) ომებში. 1859 მეთაურობდა სევერსკის დრაგუნთა პოლკის ესკადრონს აულ ღუნიბის შტურმის დროს. 1867 დაამთავრა ნიკოლოზის გენ. შტაბის აკადემია. 1868 დაინიშნა კავკასიის სამხ. ოლქში 39-ე ქვეითი დივიზიის შტაბის უფრ. ადიუტანტად; 1870-იდან იყო კავკ. სამხ. ოლქის შტაბის უფრ. ადიუტანტი, სტარი ოსკოლის 128-ე ქვეითი პოლკის მეთაური (1875–78), გენ.-მაიორი (1878-იდან). მონაწილეობდა შუა აზიის კამპანიაში (1871–73). 1881 დაინიშნა მე-12 საარმიო კორპუსის შტაბის უფროსად, 1891 – მე-6 ქვეითი დივიზიის მე-2 ბრიგადის, 1892 – მე-2 ქვეითი დივიზიის მეთაურად.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
მ. გოგიტიძე