მარკოზ მახარებელი (გ. დაახლ. 63, ალექსანდრია), ერთ-ერთი სახარების ავტორი, ქრისტეს სამოცდაათ მოციქულთაგანი ლევიტელთა ტომიდან, იერუსალიმის მკვიდრი. მისი ებრაული სახელია იოანე, ლათინური სახელი მარკოზი რომში საქადაგებლად გამგზავრების წინ დაირქვა. ის იყო პეტრე მოციქულის საყვარელი მოწაფე.
მ. მ-მა, მოციქულმა პავლემ და ბარნაბამ მისიონერული მოღვაწეობა ანტიოქიიდან დაიწყეს, შემდეგ კ. კვიპროსზე გადავიდნენ. ქ. პერგიაში (მცირე აზია) ქადაგების შემდეგ, მ. მ. იერუსალიმში დაბრუნდა. მისი მეორე მისიონერული მოღვაწეობა, პეტრე მოციქულთან ერთად, რომს უკავშირდება, სადაც მორწმუნეთა თხოვნით ქრისტეს ამაღლებიდან ათი წლის შემდეგ დაწერა წმინდა სახარება, რ-იც დანარჩენ სამ სახარებასთან შედარებით ყველაზე მოკლეა. სახარება იწყება იოანე ნათლისმცემლის ქადაგებით და შედგება 16 თავისგან.
მ. მ., პეტრე მოციქულის კურთხევით, საქადაგებლად რომიდან აკვილიაში გაემგზავრა, შემდეგ კი – ეგვიპტეში. ალექსანდრიაში მან დააარსა ეპარქია, რ-ის პირველი ეპისკოპოსი თავად გახდა. მანვე იქადაგა სახარება ლიბიასა და პალესტინაში. თავისი მოღვაწეობის განმავლობაში არაერთი სასწაული მოახდინა და მრავალი წარმართი გააქრისტიანა.
მ. მ. მოწამებრივად აღესრულა. მოციქულის წმ. ნაწილები ვენეციაში, წმ. მარკოზის (სან მარკო) ტაძრის ტრაპეზის ქვეშ განისვენებს. იკონოგრაფიული სიმბოლოა ლომი. ხსენების დღეა 25(8.V) აპრილი.
საქართველოში მ. მ-ის იკონოგრაფიული გამოსახულება, სხვა მახარებლების მსგავსად, არაერთ ტაძარში გვხვდება.
ლიტ.: უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მოციქულთა ცხოვრება, თბ., 1997; წმიდანთა ცხოვრება, ტ. 2, თბ., 2001.