მარმარილო (ლათ. marmon, ბერძნ. marmaros – მბრწყინავი ქვა), რეგიონული ან კონტაქტური მეტამორფიზმის შედეგად გადაკრისტალებული კირქვა ან დოლომიტი, მეტამორფული ქანი. ძირითადი მინერალებია კალციტი – CaCO3 და დოლომიტი – CaMg(CO3)2. ზოგჯერ, (განსაკუთრებით სკარნული), შეიცავს სერიციტს, მუსკოვიტს, ბიოტიტს, ქლორიტს, გრანიტს, პიროქსენებს, ამფიბოლებს, ვეზუვიანს, ვოლასტონიტს, სკაპოლითს, ოლივინს, ტალკს და სხვ. ხშირია განამარხებული ორგანიზმების ნაშთების ჩანართები. მ. არის წვრილი, საშ. და მსხვილმარცვლოვანი, მეტამორფული ქანი – დაწინწკლული, ლაქებიანი ან ზოლიანი ტექსტურით. მ. უმეტესად თეთრია, მაგრამ დედა ქანში, მინარევების არსებობის შემთხვევაში, ის იღებს ნაცრისფერ, ვარდისფერ, მოლურჯო-შავ, მწვანე, ყვითელ, წითელ, მურა ტონების შეფერილობას.
მ. ადვილად დასამუშავებელია და დეკორ. თვისების გამო ანტიკური პერიოდიდან გამოიყენება ძეგლების (მონუმენტური სკულპტურები, საფლავის ქვები), რიკულების, იატაკის ფილების დასამზადებლად, ბუხრების, შადრევნების, კიბის მარშების, შენობის შიგა და გარე სივრცეების მოსაპირკეთებლად, მოზაიკური კომპოზიციებისთვის (ინკრუსტირებული სტილი, ფლორენციული მოზაიკა), ბეტონის შემავსებლად. ელექტროტექნიკაში იყენებენ სუფთა კალციტის მ-ს დაფებს. ქანდაკებისთვის საუკეთესოდ ითვლება კარარის (იტალია) და პოროსის (საბერძნეთი) მ.
საქართველოში ცნობილია შროშის, სალიეთის, ლოპოტის საბადოები.
გ. ჭიჭინაძე