მარმონ დიუოშანი (Marmont du Hautchamp) ბარტელემ (დაახლ. 1682, ორლეანი, – დაახლ. 1760), ფრანგი მწერალი. საყურადღებოა აღმოსავლურ თემატიკაზე დაწერილი მისი რომანი „რეტიმა, ანუ მშვენიერი ქართველი ქალი“ (ტ. 1–2, 1735–36), რ-ის ქვესათაურია „ნამდვილი ამბავი“. იგი მოგვითხრობს ქართვ. ქალის თავგადასავალს. საქართვ. შესახებ ცნობები რომანში მეტად ძუნწადაა წარმოდგენილი, ისტ. ფაქტები ხშირად გაყალბებულია, ამბები – შეთხზული. ამასთანავე, ჩანს, ავტორს შარდენის თხზულებაც გამოუყენებია. სათავგადასავლო რომანის ტრადიციებს იცავს მწერალი რომანში „რუსპია, ანუ მშვენიერი ჩერქეზი ქალი“ (1754), რ-შიც აღწერილია მრავალი ქვეყანა და სხვადასხვა ეროვნების ადამიანი; აქაც ძირითადია საქართვ. ისტ. ამბები და მეზობელ სახელმწიფოებთან – სპარსეთსა და რუსეთთან – მისი ურთიერთობის ფაქტები. საინტერესოდაა გაშუქებული ვახტანგ VI-ის პოლიტ. მოღვაწეობის მომენტები. რომანი გარკვეულ წარმოდგენას უქმნის უცხოელ მკითხველს საქართვ. შესახებ. ეს რომანები მნიშვნელოვანი მოვლენა იყო XVIII ს. ფრანგ. ლიტ-რაში.
ლიტ.: გიორგაძე ბ., სამი ქართველი ქალის ამბავი, „საუნჯე“, 1976, №3; Орловская Н. К., Грузия в литературах Западной Европы XVII–XVIII веков, Тб., 1965.
დ. ფანჩულიძე