მარმუჭი

მარმუჭი (Alchemilla), მცენარეთა გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი დაბალი ბალახებია. მეტწილად მხოხავი ფესურა და გრძელყუნწიანი ფესვთანური ფოთლების როზეტი აქვს. პატარა ორსქესიან ყვავილებს გვირგვინის ფურცლები არ გააჩნია და განლაგებულია გორგლებად, რ-ებიც თავის მხრივ ფარისებრ-საგველა ყვავილედებშია თავმოყრილი.

მ-ის 300-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიაში, აფრიკასა და ამერიკაში. საქართველოში იზრდება 61 სახეობა, მათგან 30 საქართვ. ენდემია. მისი სახეობები იზრდება სუბალპ. და ალპ. სარტყლებში, მეტწილად ბუჩქნარებში, ტყის ფერდობებსა (განათებული ადგილები) და მდელოებზე, მდინარეთა სანაპიროებსა და ზოგჯერ გზის პირებზეც კი. ზოგიერთი სახეობა დომინანტობს მაღალმთის მდელოებზე და ქმნის ე. წ. „მეორეული ხალების“ მცენარეულ საფარს. ზოგიერთი სახეობის ფესურა და ფოთლები საღებავ ნივთიერებებს შეიცავს.

ლ. ხინთიბიძე