მარნეული

მარნეული (1947-მდე ბორჩალო), ქალაქი (1964-იდან) აღმოსავლეთ საქართველოში. მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმ. ცენტრი.

მ. მდებარეობს მარნეულის ვაკეზე, მდ. ალგეთის ნაპირებზე. ზ. დ. 420 მ. გამოირჩევა ზომიერად თბილი სტეპის ჰავით. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშ. წლ. ტემპ-რა 12 0C, იანვ. 0 0C, ივლ. 23,9 0C, აბსოლ. მინ. –25 0C, აბსოლ. მაქს. 40 0C, ნალექები 500 მმ წელიწადში. მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 20 211 კაცს (2014).

მ. წარმოიშვა რამდენიმე ძვ. სოფლის (ლომთაგორა-მარნეული, ეკლესია, ჭანდარი-სანდარი, სარვანი) გაერთიანების შედეგად.

მ-ის დასახლებას დასაბამი მისცა უძველესმა საცხოვრებელმა გორამ – ლომთაგორამ, რ-იც აბოლოებდა მეგალითური (ციკლოპური) ციხეების მწკრივს მდ. ალგეთის მარჯვ. მხარეს. ადრეფეოდ. ხანაში დაწინაურდა ქვემო ქართლის ველზე სარწყავი მიწათმოქმედების განვითარების შედეგად. მთელი ფეოდ. ხანის განმავლობაში წარმოადგენდა მნიშვნელოვან ციხესიმაგრესა და საგზაო კვანძს, სადაც თავს იყრიდა გზები თბილისიდან, ჯავახეთ-თრიალეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ამ ციხის შემავალი ქვეყანა იყო მდ. ალგეთის ქვემო წელი და მდ. ქციის ქვემო წელის მარცხ. სანაპირო. წყაროებში იხსენიება როგორც ქართველი ლაშქრის საყრდენი ციხე შუა ფეოდ. ხანაში: „დადგა [ლაშაგიორგი] ლომთაგორასა და აგარათა შუა“ (ლაშა გიორგის დროინდელი მატიანე). ვახუშტის განსაზღვრებით „ლომთაგორა აწ მარნეულის გორა“ წარმოადგენდა ალგეთის ქვეყნის სამხრ. საზღვარს. მას შემდეგ, რაც XVII ს-ში შაჰ აბასმა აქ ბორჩალუს ტომი ჩამოასახლა, ლომთაგორა-მარნეული გახდა ბორჩალუს ქვეყნის ცენტრი. XIX ს. 80-იანი წლებიდან მ. ბორჩალოს მაზრის ცენტრი იყო და ეწოდებოდა ბორჩალო. 1947 აღდგა ძველი სახელი მ. 1964-იდან ქალაქია.

მ-ის ტერიტორიაზე შემორჩენილი ისტ. ძეგლებიდან აღსანიშნავია უძველესი მეგალითური ციხის ნაშთები და ადრეფეოდ. ხანის ეკლესია ძვ. ლომთაგორაზე.

მ-ში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. ქალაქი წარმოადგენს საავტომობილო გზების კვანძს.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა (საქართველოს გეოგრაფია), თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941; ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.

ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 1, თბ., 1964.

თ. თოდრია