მარნეულის მუნიციპალიტეტი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოს ქვემო ქართლის რეგიონში. მუნიციპალიტეტს აღმ-ით და ჩრდ-ით ესაზღვრება გარდაბნის, დას-ით – ბოლნისის, ჩრდ.-დას-ით – თეთრი წყაროსა და გარდაბნის მუნიციპ-ები, სამხრ-ით კი – აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკები. ფართ. 935,2 კმ 2, მოსახლეობა 104.3 ათ. კაცი (2014), ადმ. ცენტრი – მარნეული. მუნიციპ-ში შედის 1 ქალაქი და 17 თემი (ალგეთი, ახკერპი, დამია-გიაურარხი, თამარისი, კასუმლო, კაპანახჩი, ყაჩაგანი, ოფრეთი, სადახლო, ქუთლიარი, ყიზილ-აჯლო, ყულარი, შაუმიანი, შულავერი, წერაქვი, წერეთელი, ხოჯორნი).
ისტორიული ცნობა. ძვ. წ. VI–III სს-იდან ახლანდ. მ. მ-ის ტერიტ. ქართლის სამეფოს, ადრეული და განვითარებული ფეოდალიზმის ხანაში – ქართლის საერისმთავროს, IX ს-ში – თბილ. საამიროს, X–XI სს. მიჯნაზე – ტაშირ-ძორაკეტის სამეფოს, XI–XII სს-იდან კი – ერთიანი საქართვ. შემადგენლობაში იყო. XV ს-იდან შედიოდა ქართლის, შემდეგ – ქართლ-კახეთის სამეფოში. ექვემდებარებოდა ბოლნისის საეპისკოპოსოს. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების (1801) შემდეგ შედიოდა საქართვ. გუბერნიის ლორის (1804-იდან – თბილისის) მაზრის ბორჩალოს დისტანციაში, 1880-იდან კი – თბილ. გუბერნიის ბორჩალოს მაზრაში. 1921-იდან საქ. სსრ ადმ.-ტერიტ. დაყოფით ისევ ბორჩალოს მაზრაში დარჩა. 1929 თბილ. ოლქში იყო ბორჩალოს რ-ნის სახელწოდებით. 1930-იდან – ლუქსემბურგის რ-ნი, 1947-იდან – მარნეულის რ-ნი, 2006-იდან კი მ. მ. ეწოდა.
ბუნება. მ. მ-ის ტერიტორიის ცენტრ. ნაწილი გაშლილია მარნეულის აკუმულაციურ ვაკეზე, სიმაღლე ზ. დ. 270 მ-იდან 400 მ-მდე. აგებულია მეოთხეული ალუვიური ნალექებით, კენჭნარით, კონგლომერატებით, ქვიშებითა და თიხებით. ვაკეზე აგრეთვე არის ჯავახეთის ზეგნიდან ჩამოსული ლავური ღვარის დამარხული ბოლო, ასევე აფშერონული და ბაქოური დროის თიხნარი. ვაკის ზედაპირი ბრტყელია, დასერილია მდ-ების – ალგეთის, ხრამისა და დებედის ხეობებით. მდინარეული ტერასების ამგებ თაბაშირიან თიხებში გვხვდება ფსევდოკარსტული მოვლენები, რაც რელიეფში გამოსახულებას პოვებს სუფოზიური ძაბრების, ჭებისა და მღვიმეების, აგრეთვე ბუნებრივი ხიდების სახით. მუნიციპ-ის ჩრდ. ნაწილი უჭირავს იაღლუჯის მაღლობს, სიგრძე 17 კმ, სიგანე 10–11 კმ, შეფარდებითი სიმაღლე 300–400 მ. აგებულია ნეოგენური კონგლომერატებისა და ქვიშაქვების წყებით. მაღლობი ჩრდ-ით ამაღლებულია და ქმნის იაღლუჯის სერს, მის სამხრ-ით კი მშრალი ხევებით დასერილი ვაკეა.
მ-ის სამხრ. ნაწილში აღმართულია ლოქის ქედის ჩრდ. კალთის ნაწილი (მდ. შულავრის აუზი). მისი აბსოლ. სიმაღლე 1400 მ არ აღემატება. აგებულია ცარცული ასაკის კირქვებით, ტუფ-ბრექჩიებით, ტუფ-ქვიშაქვებით და პორფირიტებით. დანაწევრებულია მდ. შულავრის შენაკადების ხეობებით. მდ. დებედის აღმ-ით განედურადაა გაწოლილი ბაბაკარის სერი, რ-იც აგებულია ვულკანოგენური ფაციესის ზედაცარცული კირქვებითა და მერგელებით. მისი სამხრ. კალთა ძლიერ დასერილია, ზოგან ტიპური ბედლენდებია. მუნიციპ-ის მნიშვნელოვანი წიაღისეულია მარმარილო (სადახლო).
მარნეულის ვაკეზე ჩამოყალიბებულია ზომიერად მშრალი სუბტროპ. თბილი სტეპების ჰავა. ჰაერის საშ. წლ. ტემპ-რა 12 0C, იანვ. 00 –0,3 0C, ივლ. 23,9 0C, აბსოლ. მინ. –25 0C, აბსოლ. მაქს. 40 0C. ნალექები 490–550 მმ წელიწადში. ნალექების მაქს. რაოდენობა მაისში მოდის, მინ. – დეკემბერში. ბაბაკარისა და იაღლუჯის სერებზე და ასევე ლოქის ქედზე ჰავა ზომიერად თბილი, სტეპურიდან ზომიერ ნოტიოზე გარდამავალია. იცის ცხელი ზაფხული. მუნიციპ-ის ტერიტორიის – დიდ ნაწილში წლიურად 400–600 მმ ნალექი მოდის.
მ. მ. მდიდარია მდინარეებით. მდ. მტკვარი მას აღმ. საზღვარზე ჩამოუდის; მდ. ხრამი ვაკეზე გადის და აჩენს კლაკნილებს, „ნარიონალებს“. წყალუხვია ხრამის მარჯვ. შენაკადი – დებედა, რ-ის უკიდურესი ქვემო დინება მიეკუთვნება მ. მ-ს. დებედაც ტიპური ვაკის მდინარეა. მარნეულის ვაკეს კვეთს მდ. ალგეთი (მტკვრის მარჯვ. შენაკადი). სხვა მდ-ებიდან აღსანიშნავია შულავერი (ხრამის მარჯვ. შენაკადი) და ბანოშისწყალი (დებედის მარცხ. შენაკადი). მდინარეებმა წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზაფხულსა და ზამთარში. მათ იყენებენ სარწყავად.
მარნეულის ვაკეზე დამლაშებულ და ბიცობიან ნიადაგებთან ერთად გავრცელებულია წაბლა ნიადაგები. უფრო მეტად გვხვდება ბიცობიანი და დამლაშებული წაბლა ნიადაგები, მდ-ების მტკვრისა და ხრამის გაყოლებაზე კი – ალუვიური კარბონატული ნიადაგები. იაღლუჯის მაღლობზე ნიადაგები რუხი-ყავისფერი და წაბლა ტიპისაა, ალაგ-ალაგ სუსტად დამლაშებული და ბიცობია. ლოქის ქედსა და ბაბაკარის სერზე გვხვდება ტყის ყავისფერი ნიადაგი, ყველაზე მაღალ ადგილებში კი – ტყის ყომრალი ნიადაგი.
მ. მ-ის ვაკე ადგილებსა და იაღლუჯის მაღლობზე გავრცელებულია უროიანი სტეპი და ნახევარუდაბნოს მცენარეულობა. აქ გვხვდება როგორც საკუთრივ უროიანი, ისე უროიან-ვაციწვერიანი, ავშნიან-უროიანი და უროიან-ჯაგეკლიანი დაჯგუფებები. ბალახოვანი მცენარეებიდან უმეტესად ხარობს ურო, ვაციწვერა, წივანა, იონჯა, ურცი, ესპარცეტი და სხვ. ნახევარუდაბნოსთვის დამახასიათებელია ავშანი, ყარღანი, ხვარხვარა, ჯაგეკლიანებში ძირითადად – ძეძვი, ასევე გრაკლა, კვრინჩხი, შავჯაგა. ბაბაკარის სერისა და ლოქის ქედის მთისწინეთში გავრცელებულია ჯაგრცხილა, ქართული მუხა, ნეკერჩხალი, კვრინჩხი, იაღლუჯის მაღლობსა და მთისწინეთში – აკაკი და საკმლის ხე, მთის ტყეებში – მუხნარ-რცხილნარი, ყველაზე მაღალ ადგილებში – წიფლნარი. მთავარი მდინარეების ნაპირებზე შემორჩენილია ტუგაის ტყის (ხვალო, ოფი, წნორი, ჭალის მუხა, თელა, თუთა) ფრაგმენტები. უხვადაა ხვიარა მცენარეები: კატაბარდა, ღვედკეცა, ეკალღიჭი, ქვეტყეში – ქაცვი, კუნელი და სხვ.
მ. მ-ში გავრცელებულია მთის ტყისა და სტეპისათვის დამახასიათებელი ფაუნა. მთის ტყეებში ბინადრობს მგელი, თეთრყელა კვერნა, დედოფალა, გარეული ღორი, მაჩვი; გვხვდება მელა, ტურა, კურდღელი. ფრინველთა შორის აღსანიშნავია ჩვეულებრივი ხოხობი, მწყერი, კაკაბი და სხვ. მდ-ებში ბევრია ქაშაპი, ხრამული, მტკვრის წვერა, მურწა, ჭანარი, კასპიის შამაია, ლოქო და სხვ. ბევრია ქვეწარმავალი.
მ. მ-ის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია ლანდშაფტის შემდეგი სახეობები: მშრალი და სტეპური ნახევარუდაბნოს ვაკე წაბლა და დამლაშებული ბიცობიანი ნიადაგებით; სტეპური მაღლობი ჯაგეკლიან-უროიანი მცენარეულობით წაბლა ნიადაგების კომპლექსზე; ბორცვიან-სერებიანი მთისწინეთი ჯაგრცხილნარ-მუხნარით ტყის ყავისფერ და ყომრალ ნიადაგებზე; დაბალი მთები მუხნარ-რცხილნარით ტყის ყავისფერ და ყომრალ ნიადაგებზე; საშ. სიმაღლის მთები წიფლის ტყით ყომრალ ნიადაგებზე; ჭალის (ტუგაის) ტყის ლანდშაფტი განვითარებულია მდინარის სანაპიროებზე.
მოსახლეობა. მოსახლეობის 83,3% აზერბაიჯანელია, მოსახლეობის საშ. სიმჭიდროვეა 111,5 კაცი 1 კმ 2-ზე (2014).
მეურნეობა. მ. მ-ის მეურნეობა ძირითადად ემყარება ადგილობრივი სას.-სამ. პროდუქციის წარმოებას. სოფლის მეურნეობაში წამყვანი დარგია მებოსტნეობა, მევენახეობა, მოჰყავთ მარცვლეული კულტურები; მეცხოველეობიდან – სახორცე-სარძევე-სამატყლე მიმართულება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სას.-სამ. კომპანიაა „მარნეული აგრო“. მრეწველობა ძირითადად წარმოდგენილია საკონსერვო წარმოებით („მარნეულის სასურსათო ქარხანა“).
მ. მ-ის ტერიტორიაზე გადის თბილისი–ერევნის რკინიგზის ხაზი. მუნიციპალიტეტს საავტომობილო კავშირი აქვს სომხეთთან და აზერბაიჯანთან.
კულტურა და ჯანმრთელობის დაცვა მ. მ-ში არის ზოგადსაგან-მანათლებლო სკოლები (76), პროფ. სასწავლებლები (3), საჯარო (მარნეული), აგრეთვე სასოფლო ბ-კები, მარნეულისა და სასოფლო ტიპის კულტურის სახლები, 2 მუზეუმი. მარნეულიდან მაუწყებლობს ტელერადიო კომპანია „მარნეული TV“.
ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები. ისტ. ძეგლებიდან აღსანიშნავია ახქერფისა (ჰუჯაბის; XIII ს.) და ხოჟორნის (ადრინდ. შუა საუკუნეები) სამონასტრო კომპლექსები, გორულის (ოფრეთის) ნაქალაქარი (XVII ს.), წოფის (ადრინდ. შუა საუკუნეები), ქალაფის მონასტრის (XIII ს.), ბინაძორის (XVII ს.) ეკლესიები და სხვა ნაგებობანი.