მარტაზისხევის არქეოლოგიური ძეგლები

მარტაზისხევის არქეოლოგიური ძეგლები, სხვადასხვა დროის არქეოლოგიური ძეგლები, რ-ებიც აღმოჩენილია მარტაზისხევში, სადგურ მცხეთიდან 4 კმ-ის დაშორებით, არმაზისხევის დას-ით 2 კმ-ზე. ხეობა 2 სახელითაა ცნობილი: სანგრისხევი და მარტაზისხევი (მ. შ. უძველესი სახელწოდებაა მარტაზისხევი).

1902 ე. თაყაიშვილმა გათხარა ადრინდ. ფეოდ. ხანის სამარხები. 1945 იქვე აღმოჩნდა (ხელმძღვ. გ. ლომთათიძე) VI–VII სს. მრავალრიცხოვანი ინვენტარის შემცველი 2 სამარხი, 1963 კი – ადრინდ. ფეოდ. ხანის ნასახლართა ნაშთები (საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობანი, ქვევრები, თონეები) და გვიანდ. ანტ. ხანის სამარხები (ხელმძღვ. ნ. უგრელიძე). 1967–69 მარტაზისხევის მარცხ. ნაპირას, ხევის შესართავთან, 300 მ-ზე მდებარე პატარა ბორცვზე გათხარეს (ნ. უგრელიძე) სამაროვანი. 47 ქვის სამარხი ადრინდ. ფეოდ. ხანას განეკუთვნება. დაკრძალვის წესისა და ინვენტარის მიხედვით გამოყვეს 2 ქრონოლ. ჯგუფის სამარხები: IV–V სს. და VI–VII სს., 2 სამარხი კი ელინისტური (ძვ. წ. III–II სს.) ხანისაა.

ნ. უგრელიძე