მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. მ. მ-ს ჩრდ-ით ესაზღვრება ლენტეხის, აღმ-ით – ხონის, ჩრდ.-აღმ-ით – ცაგერის, სამხრ-ით – სენაკისა და აბაშის, ხოლო დას-ით და ჩრდ.-დას-ით – ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტები. ფართობი 880 კმ 2., მოსახლეობა 33.5 ათ. კაცი (2014). ადმ. ცენტრი – მარტვილი. მუნიციპალიტეტში შედის 1 ქალაქი და 20 თემი (აბედათი, ბანძა, გაჭედილი, გურძემი, დიდი ჭყონი, დოშაყი, ვედიდკარი, თამაკონი, ინჩხური, კიწია, კურზუ, ლეხაინდრავო, ნაგვაზავო, ნახუნავო, ნაჯახავო, ონოღია, სალხინო, სერგიეთი, ტალერი, ხუნწი).

ისტორიული ცნობა. ახლანდ. მ. მ-ის ტერიტ. შედიოდა კოლხეთის სამეფოში, ძვ. წ. III ს-ში ქართლის სამეფოში შემავალი ეგრისის ტერიტ. იყო, ადრეული და განვითარებული ფეოდალიზმის ხანაში ეგრისის სამეფოს, აფხაზეთის სამთავროს, აფხაზთა სამეფოს, აფხაზთა და ქართველთა სამეფოს, შემდეგ ერთიანი საქართვ., XIII–XIV სს. მიჯნაზე იმერეთის სამეფოს ეკუთვნოდა. ამ ტერიტორიას მოიცავდა ოდიშის საერისთავო, რ-იც XV ს-იდან შედიოდა იმერეთის სამეფოში, შემდეგ კი ოდიშის (სამეგრელოს) დამოუკიდებელ სამთავროდ იქცა. ეპარქიულად ექვემდებარებოდა ჭყონდიდის საეპისკოპოსოს. სამეგრელოს სამთავროს გაუქმების (1867) შემდეგ ქუთაისის გუბერნიის სენაკის მაზრაში შედიოდა. 1921 საქ. სსრ. ადმ.-ტერიტ. დაყოფით სენაკის მაზრაში დარჩა, ხოლო 1930 გამოეყო მას დღევანდელ საზღვრებში მარტვილის რ-ნის სახელწოდებით. 1936 წ. 3 სექტემბრიდან 1990-მდე ერქვა გეგეჭკორის რ-ნი, 1963–66 შეერთებული ჰქონდა აბაშის რ-ნი. 1990-იდან ისევ მარტვილის რ-ნი გახდა, 2006-იდან ეწოდა მ. მ.

ბუნება. მ. მ-ის ტერიტ. სამხრ. ნაწილი უჭირავს ოდიშის ვაკეს, რ-იც აგებულია მეოთხეული მდინარეული და ტბიური კენჭნარით, ქვიშებითა და თიხებით. ვაკე სამხრ.-დას-იდან ჩრდ.-აღმ-ისკენ თანდათან მაღლდება (60-იდან 170 მ-მდე) და მდ. აბაშასა და მარტვილამდე აღწევს. მუნიციპ-ის ტერიტ-ის ცენტრ. ნაწილი გაშლილია ბორცვიან მთისწინეთზე. მის აგებულებაში შედის მეოთხეული ქვიშაქვები და თიხები, აგრეთვე ნეოგენური და პალეოგენური ასაკის კონგლომერატები, ქვიშები, თიხები. მთისწინეთის სიმაღლე მერყეობს 170–500 მ ფარგლებში. მას ორ ნაწილად ყოფს აბედათის დაბალი სერი (მაქს. სიმაღლე 628 მ). მუნიციპალიტეტის ჩრდ. ნაწილი უჭირავს ცარცული და იურული ასაკის კირქვებით, ქვიშაქვებით, მერგელებით, თიხა-ფიქლებითა და კონგლომერატებით აგებულ ეგრისის ქედის სამხრ. ციცაბო კალთებს. ამ ქედზე მდებარეობს მ. მ-ის უმაღლესი მთა ტეხურიშდუდი (3003 მ), მთიანი ზოლი და ასხის მასივი. მისი სამხრ.-დას. კალთები, რ-ებიც მ. მ-ს ეკუთვნის, მდიდარია კარსტული ფორმებით. მ. მ-ის წიაღისეულია სამშენებლო კირქვა და ლებარდეს, ჩეგოლას და დვირისთავის სამკურნალო მინერ. წყლები.

ოდიშის დაბლობზე ზღვის ნოტიო სუბტროპ. ჰავაა. ზამთარი თბილია, ზაფხული – ცხელი. საშ. წლიური ტემპ-რა 13,80 C, იანვ. 4,90 C, აგვ. 22,50C. აბსოლ. მინ. –18 0C, მაქსიმუმი – 40 0C. ნალექები 2040 მმ წელიწადში, მაქსიმუმი ზაფხულ-შემოდგომაზე მოდის. ბორცვიან მთისწინეთში ნოტიო სუბტროპ. ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი, თბილი ზაფხული. საშ. წლიური ტემპ-რა 12,8 0C, იანვ. 3,6 0C, აგვ. 21,70 C, ნალექები 2200 მმ. მთაში ნოტიო ჰავაა, ზამთარი ცივია, ზაფხული გრილი, აბსოლ. მინ. –19 0C, აბსოლ. მაქს. – 32 0C, ნალექები 1900–2000 მმ.

მუნიციპ-ის ტერიტორიას ჩრდ-იდან სამხრ-ისაკენ კვეთს მდ-ები ტეხური და აბაშა, რ-ებიც სათავეს იღებენ ეგრისის ქედის სამხრ. კალთაზე, სამხრ.-აღმ. საზღვარს ჩამოუდის მდ. ცხენისწყალი. მდინარეებს ასაზრდოებს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლები. მათ დიდი ენერგეტიკული მნიშვნელობა აქვს. მდინარეთა რეჟიმში დიდ როლს ასრულებს კარსტული წყლები, რ-ებიც ვოკლუზების სახით გამოედინება. ტბებიდან აღსანიშნავია ტობავარჩხილის (დიდი და მცირე) ტბები.

მ. მ-ის დაბლობ ნაწილში ძირითადად სტეპური ეწერი ნიადაგებია გავრცელებული, მდინარეთა ნაპირების გასწვრივ კი – ალუვიური. ბორცვიან მთისწინეთში ჩამოყალიბებულია ნეშომპალა-კარბონატული, ყვითელმიწა, წითელმიწა გაეწრებული ნიადაგები; მთაში, 1800–2000 მ სიმაღლემდე, გავრცელებულია ტყის ყომრალი ნიადაგი, უფრო მაღლა, ალპ. და სუბალპ.ზონებში – მთის მდელოს კორდიანი ნიადაგები.

დაბლობისა და მთისწინეთის უმეტეს ნაწილში ბუნებრივი მცენარეული საფარი შეცვლილია კულტ. მცენარეულობით. ალაგ-ალაგ შემორჩენილ ტყეებში უმთავრესად გვხვდება თხმელა, რცხილა, ნეკერჩხალი, წიფელი, აქა-იქ – ბზა. არის მარადმწვანე ქვეტყე. მთის ტყიანი ზონის (400–500 მ-იდან 1800–2000 მ-მდე) ქვედა ნაწილში უმთავრესად ფართოფოთლოვანი ტყეებია – მუხნარი, რცხილნარი, რცხილნარ-მუხნარი, წიფლნარი, ზედაში კი – მუქწიწვოვანი. მდ. ტეხურის სათავეში კარგად არის შემონახული ნაძვნარი და სოჭნარი. ტყის ზემოთ ალპ. და სუბალპ. მდელოებია, რ-ებსაც საზაფხულო საძოვრებად იყენებენ.

მ. მ-ში ბინადრობს ჯიხვი, არჩვი, მგელი, ტურა, დათვი, მელა, მაჩვი, კვერნა, კურდღელი, იშვიათად – გარეული ღორი. მრავალფეროვანია ფრინველთა სამყარო. გვხვდება ქვეწარმავლებიც. მდინარეებში მრავლადაა ქაშაპი, წვერა, კოლხური ტობი, კალმახი და სხვ.

მ. მ-ის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია ლანდშაფტის შემდეგი სახეები: დახრილი ვაკე-დაბლობები კოლხური მცენარეულობით, ალუვიური და ეწერი ნიადაგებით; ბორცვიანი მთისწინეთი კოლხური მცენარეულობით, ყვითელმიწა, წითელმიწა და ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგებით; ბორცვიან-კარსტული სერები კოლხური მცენარეულობითა და ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგებით; კარსტული დაბალი მთები რცხილნარ-მუხნარითა და ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგებით; საშ. მთები წიფლის ტყეებითა და ტყის ყომრალი ნიადაგებით; კარსტული საშ. მთები წიფლნარ-მუქწიწვოვანი ტყეებითა და ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგებით; კარსტის სუბალპ. ტყეები და მდელოები მთის მდელოსა და ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგებით; ალპ. მდელოები მთის მდელოს ნიადაგებით.

მოსახლეობა. მოსახლეობის 99,8% ქართველია. მოსახლეობის სიმჭიდროვე 38 კაცი 1კმ 2-ზე (2014).

მეურნეობა. მ. მ-ის მრეწველობა ემყარება ადგილ. ნედლეულს. განვითარებულია ჩაისა და ღვინის წარმოება. სოფლის მეურნეობის დარგებია მეთხილეობა, მევენახეობა; მოჰყავთ მარცვლეული კულტურები. ამ ტერიტორიაზე გადის ადგილობრივი მნიშვნელობის გზები.

კულტურა და ჯანმრთელობის დაცვა. მ. მ-ში მდებარეობს კურ. ლებარდე, ადგილ. მნიშვნელობის კლიმ.-ბალნეოლ. კურორტი ეგრისის ქედზე. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია მთის კლიმატი და მინერ. წყალი. ტურისტული თვალსაზრისით აღსანიშნავია ლებარდეს ტბები, ონიორეს, წაჩხურუს, ტობის ჩანჩქერები, მარტვილის კანიონი და მოთენას მღვიმე.

მ. მ-ში არის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები (62), საბავშვო ბაღები (16), პროფ. სასწავლებელი (2), ცენტრალური და საბავშვო ბ-კები (21), გ. ელიავას სახ. მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები. მუნიციპალიტეტი მდიდარია კულტურული ძეგლებითაც. მათ შორისაა მარტვილის მონასტერი, აბედათის და თამაკონის ციხეები, სალხინოს დადიანების საზაფხულო რეზიდენცია და სხვ.