მარტვილის ტაძარი, ხუროთმოძღვრების ძეგლი, შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარწმუნოებრივი ცენტრი. VII ს. I ნახ-ში ისტ. ეგრისის სამეფოში, მარტვილთა (მოწამეთა) სახელზე აიგო მცხეთის ჯვრის ტიპის ეკლესია. დღევანდელი გარეგნული სახე მნიშვნელოვნად განსხვავდება თავდაპირველი ნაგებობისაგან, რადგან X ს-ში, მეფე გიორგი II-ის დროს (912–957), ახალი კედლებით სრულად დაფარეს სამხრ-ის და ჩრდ-ის ფასადები, დას-იდან კი ახალი ეგვტერი მიაშენეს. ძველი გუმბათი შეუფერებელი, ამაღლებული პროპორციების ახალი თექვსმეტსარკმლიანი გუმბათის ყელით შეცვალეს. დღეს შესამჩნევია XIX ს. გადაკეთებებიც. ამ ცვლილებებით დაირღვა ეკლესიის თავდაპირველი სტრუქტურა და პროპორციული თანაფარდობა. შიდა აღნაგობით მ. ტ. მცხეთის ჯვრის ტიპის ტაძართა ჯგუფს განეკუთვნება და ამავე ტიპის სხვა ტაძრებისაგან ადგილ. სამშენებლო თავისებურებით განსხვავდება. ე. თაყაიშვილის გადმოცემით: „ტრაპეზი მარტვილის ეკლესიისა დადგმულა იმ მუხის ძირზე, რომელიც მოჰკვეთა ანდრია მიციქულმა, ოდეს მეგრელნი მოაქცია“. მარტვილელ მღვდელმთავარს ჭყონდიდელი ეწოდება (ქართულად ჭყონდიდი დიდ მუხას ნიშნავს). ჭყონდიდლებს საქართველოს სამეფო კარზე უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობა ეკავათ.
თავიდანვე მარტვილის მშენებელმა ოსტატმა ეკლესიის საფუძვლად მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის გეგმა თავისებურად გადაამუშავა – ძველი გუმბათის დიამეტრი შეამცირა, დაავიწროვა მკლავების სიგანე (რის გამოც გეგმა პროპორციულად უფრო გრძელი გამოჩნდა), გაიზარდა კუთხის ოთახები, გუმბათქვეშა კვადრატული სივრციდან გუმბათის ყელის წრიულ მოხაზულობაზე გადასასვლელად, მცხეთის ჯვრისგან განსხვავებით, ტრომპების რამდენადმე განსხვავებული სისტემა შეარჩია. ერთიმეორის ზემოთ, საფეხურებად დალაგებული თაღების ოთხი რიგით რამდენადმე მოძრავი, დეკორ. ეფექტი მიიღო. გარედან, მიუხედავად გარკვეული ცვლილებებისა, თავდაპირველი ფასადის გადაწყვეტა შენარჩუნებულია მხოლოდ აღმ-ის ფასადზე. აქაც ოსტატი ფასადის განსხვავებულ პროპორციულ თანაფარდობას ირჩევს. საკურთხევლის ხუთწახნაგა შვერილი პროპორციულად ვიწრო და მაღალია, მის გვერდებზე თაღოვანი ნიშებიც, მცხეთის ჯვრის ტაძართან შედარებით, ვიწრო და ღრმაა. ფასადის განაპირა ფრთები საკმაოდ განიერია. მნიშვნელოვანია ფასადთა დეკორ. მორთულობის ახლებური გადაწყვეტაც. ნაცვლად ცალკეული დამოუკიდებელი რელიეფური კომპოზიციებისა, აქ საკურთხევლის შვერილის ზედა ნაწილში შემოყოლებულია ერთიანი ორნამენტული ფრიზი ბიბლიური სცენებით: ხარება, ქრისტეს ამაღლება, დანიელი ლომების ხაროში, წმ. ევსტატეს ნადირობა. ცალკეული სცენებით შექმნილია ერთიანი დეკორ. ზოლი, რ-იც ჩარჩოთია შემოკავებული. წმინდანთა, ცხოველთა ფიგურები და მცენარეული ორნამენტი ერთიან დეკორ. ეფექტს იძლევა. მის ზემოთ, კარნიზის გაყოლებით, მწყობრი ინტერვალით, სწორკუთხა ფორმის კონსოლებზე რიტმული მონაცვლეობით, ორნამენტული მოტივი ან წმინდანია გამოკვეთილი. ტაძრის ინტერიერი სრულად იყო მოხატული. შემორჩენილია უფრო ადრინდელი მხატვრობის ნაცვლად შესრულებული XIII, XIV, XVI, XVII და XVIII სს-ების ფრესკები, რ-ებშიც ბევრი ისტ. პირის გამოსახულებაა. წარწერების თანახმად, – ჩიქოვანები, ლიპარტიანები, რამდენიმე ჭყონდიდელი. წარწერებში მოხსენიებული არიან შერგილ და ლევან დადიანებიც. ბოლო ხანებში მ. ტ. ხსენებულ ფეოდალთა და დადიანების საძვალე იყო.
ტაძრის გვერდით დგას მცირე ზომის, ჩიქოვანების ეკლესიად წოდებული X ან XI ს. ორსართულიანი ეკლესია. პირველი სართული სწორკუთხა სათავსი ქვებითაა დამუშავებული ტლანქად დამუშავებული ქვებითაა ამოყვანილი. ზედ აღმართულია „თავისუფალი ჯვრის“ ტიპის ეკლესია ერთი აფსიდითა და სამი სწორკუთხა მკლავით. ნაგებია თლილი ფოროვანი ქვით. შესასვლელი დას-იდან აქვს, მცირე ბაქნიდან, რ-ზეც ერთმარშიანი ქვის კიბეა მოდგმული. ტაძრის მკლავები მცირედაა შვერილი, ფასადები დეკორ. თაღებითა და პილასტრებითაა შემკული. გუმბათქვეშა კვადრატზე ცილინდრული 6-სარკმლიანი გუმბათის ყელია აღმართული, რ-საც თავდაპირველად შეწყვილებულ სვეტებზე დაბჯენილი ექვსი თაღი შემოუყვებოდა (შემორჩენილია ამ თაღედის მხოლოდ მცირე ნაწილი). ეკლესია მთლიანად მოხატული ყოფილა. შემორჩენილია მხატვრობის ცალკეული ფრაგმენტები.
ტაძრის დას-ით გათლილი ქვით ნაგები სწორკუთხა გეგმის სვეტია (სავარაუდოდ XI ს.), რ-ის ზედა სართულზე მესვეტის საცხოვრ. ეკლესია-ოთახია. ე. თაყაიშვილი აღნიშნავს: „დიუბუას დროს აქ კიდევ ცხოვრობდა მესვეტე და დაცული იყო კიბე, რომლის საშვალებითაც ხალხი ადიოდა და ჩამოდიოდა, რათა მიეღო ლოცვა-კურთხევა მესვეტისაგან“ (დიუბუა დე მონპერემ მარტვილი 1832 ინახულა, რამდენიმე წლის შემდეგ ა. მურავიოვს აქ მესვეტე იესე დახვედრია). მაღალი სვეტის ქვედა სართული დას-იდან (დაახლ. მთელი სიმაღლის ორი მესამედი) თაღით გახსნილ ღიობს უკავია. მის თავზე მესვეტის სამყოფელია, რ-იც დღეს დას-იდან და სამხრ-იდან სწორკუთხა სარკმლით ნათდება. შემორჩენილია ძველი ქვის კიბის მხოლოდ კვალი. დღეს მის ნაცვლად რკინის ვერტიკალური კიბეა დამაგრებული. 1922 სვეტი სანახევროდ ჩამოიშალა (სრულადაა აღდგენილი). დას-ის ფასადზე, კარნიზით აქცენტირებული სვეტის ზედა ნაწილი ცენტრისკენ აღმავალი თაღოვანი ბრტყელი ხუთი ნიშითაა გაფორმებული. სვეტი ორქანობიანი სახურავითაა გადახურული, აღმ-ისა და დას-ის ფასადები მრავალსაფეხურიანი გადანაკეციანი კარნიზებით მთავრდება.
მ. ტ. საუკუნეთა განმავლობაში საქართველოს სას. და კულტ. ცენტრი იყო; გაჩაღებული იყო მნიშვნელოვანი კულტ.-საგანმან. საქმიანობა. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები: სტეფანე სანანოისძე (X ს.), გიორგი ჭყონდიდელი, იოანე ჭყონდიდელი, იოანე მესვეტე (XI ს.), გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი (XI–XII სს.), ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელი (XVIII ს.), რომანოზ მესვეტე (XIX ს.) და სხვ. მარტვილის ხელნაწერთა კოლექცია დაცულია კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრში.
ლიტ.: ბერიძე ვ., ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია, ტ. 1–2, თბ., 2014; თაყაიშვილი ე., მარტვილის მონასტერი, კრ.: ძველი საქართველო, ტ. 3, ტფ., 1913–14; მენაბდე ლ., ძველი ქართული კულტურის კერები, ტ. 1–2, თბ., 1962–80; ჩუბინაშვილი გ., ქართული ხელოვნების ისტორია, ტ. 1, ტფ., 1936; Чубинашвили Г. Н., Памятники типа Джвари, Тб., 1948.
გ. მარსაგიშვილი
ლ. მენაბდე