მარტვილის ჭედური ჯვარი, XI ს. მეორე მეოთხედის ქართული ოქრომჭედლობის ძეგლი. ოქროთი დაფერილი ვერცხლის საწინამძღვრო ჯვრის სიმაღლეა 56 სმ, განივი მკლავი – 36 სმ. მ. ჭ. ჯ. საწინამძღვრო ჯვრების ფორმას იმეორებს უფრო გრძელი ქვედა მკლავითა და თანაბარი ზომის სამი ზედა მკლავით. მკლავების ბოლოები ფართოვდება და ყოველი კიდე ფოთლოვანი ბუნითაა დაბოლოებული. წინა პირზე თერთმეტი ფიგურაა გამოსახული. ჯვრის კონტური მცირე ზომის ღილაკების მწკრივითაა შემოსაზღვრული. ჯვრის შუა ნაწილი ჯვარცმული ქრისტეს მაღალ რელიეფურ ქანდაკებას უკავია. მის ზემოთ, ჯვრის ზედა მკლავზე სრული ტანით გამოსახულია, მის თავთან – ორი მთავარანგელოზის, ჯვრის განივი მკლავების ბოლოებში კი – თითო ანგელოზის ნახევარფიგურები (წელამდე), აგრეთვე – ფეხზე მდგარი მარიამ ღვთისმშობელი, მის პირდაპირ კი – იოანე ნათლისმცემელი; მკლავის ქვედა ნაწილი შევსებულია წმინდანისა და წყვილი ანგელოზის ნახევარფიგურებით, ჯვრის თავისუფალი არე წინა პირზე მცენარეული ორნამენტითაა შევსებული. ზურგი ბრწყინვალედ შესრულებული მცენარეული ორნამენტითაა დაფარული. გარე კონტურზე შემოვლებულია ვრცელი საქტიტორო ასომთავრული წარწერა: „...მე გლახაკმან არსენი, ძემან ვაჩე მარხველისამან, შევქმენ ჯოვარი ესე სადიდებლად და სალოცველად. ადიდენ ღმერთმან ძრიელისა ბაგრატ მეფისა და კუროპალატისა და შვილთა მათთა ერთობით ადიდენ ღმეთრმან...“, მოხსენიებულია ოსტატის სახელიც: „...შეიქმნა ხელითა იოვანე დიაკონისაითა....“. წარწერის მიხედვით დამკვეთი არსენი ჩვენთვის უცნობი პირია, ბაგრატ მეფე და კუროპალატი კი – ბაგრატ IV (გაერთიანებული საქართველოს მეფე 1027–72). ივანე დიაკონის მიერ შესრულებული საწინამძღვრო ჯვარი შუა საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობის შედევრი და იმ პერიოდის საქართველოში მოცულობითი ქანდაკების განვითარების სრულყოფილი ნიმუშია. ჯვარცმული მაცხოვრის ფიგურა გათავისუფლდა ყოველგვარი შებოჭილობისაგან: ხაზები მშვიდი და ჰარმონიულია, ქრისტეს სხეულის პროპორციები კი – სწორი. გ. ჩუბინაშვილის სიტყვებით: „ივანე დიაკონის ოსტატობა და მხატვრული შესრულება სრულ შემოქმედებით თავისუფლებას მოწმობს“. მ. ჭ. ჯ. 1938-იდან შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების სახელმწ. მუზეუმშია დაცული.
ლიტ.: ჩუბინაშვილი გ., ქართული ოქრომჭედლობა VIII–XVIII საუკუნეებისა, ალბომი, თბ., 1957; მისივე, Грузинское чеканное искусство, Тб., 1959.
გ. მარსაგიშვილი