მარტყოფი, სოფელი ქვემო ქართლის რეგიონის გარდაბნის მუნიციპალიტეტში, იალნოს ქედის სამხრ. კალთაზე, მდ-ების – ალიხევისა და ტევალის ხეობებში. ზ. დ. 800 მ. თემის ცენტრი (სოფლები: მ., ვაზიანი, სააკაძე). გარდაბნიდან 55 კმ, ვაზიანიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 12 კმ. 7397 მცხ. (2014).
ახლანდელი მ-ის ტერიტ. დასახლებულია I–II სს-იდან; VI ს-მდე აკრიანი (ქვიანი ადგილი) ეწოდებოდა. ფიქრობენ, რომ სახელწოდება მ. მომდინარეობს ერთ-ერთი ასურელი მამის, ანტონ მარტყოფელის (მარტომყოფელი) სახელიდან. XIII ს-იდან აქ რუსთავ-მარტყოფის საეპისკოპოსოს კათედრალი, XV ს-იდან კი სადროშოს ცენტრი იყო. ე. წ. „გუგუნაანთ ციხე“ კახეთის მეფეთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო. 1625 მ-ის ველზე გაიმართა ბრძოლა სპარსელებსა და ქართველებს შორის (იხ. მარტყოფის ბრძოლა 1625).
ძველად მ-ში მოღვაწეობდნენ პოეტები და მწიგნობრები: ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (XVII–XVIII სს.), იოანე ქობულაშვილი, სტეფანე ჯორჯაძე (ორივე XVIII ს.) და სხვ. მარტყოფელი აბრამ შინჯიკაშვილი (იბრაჰიმ-ბეგი) 1775–1804 ეგვიპტის მმართველი იყო.
სოფლის მახლობლად, ულევრის ველზე, არქ. გათხრების შედეგად მიკვლეულია ბრინჯაოს ხანის ადრეული პერიოდის გორასამარხები. სოფლის მიდამოებშივე აღმოჩნდა პართული მონეტების განძი (ძვ. წ. I– ახ. წ. II სს.) (იხ. აგრეთვე სტ. ულევრის არქეოლოგიური ძეგლები).
მ-ში შემორჩენილია გუმბათოვანი ეკლესიის ნანგრევები (1810 ააგო რუსთავის ეპისკოპოსმა სტეფანე II-მ), აგრეთვე XVIII ს. რამდენიმე საგვარეულოს (შინჯიკაშვილების, ძამაშვილების, თუშმალიშვილების). საცხოვრ.-საბრძოლო კოშკი მათგან უკეთესადაა შემონახული, თუშმალიშვილების კოშკი – გეგმით მრგვალი, ოთხსართულიანი ნაგებობაა, რ-ის საშენ მასალად გამოყენებულია რიყის ქვა, ხოლო კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ადგილებისათვის და გარედან გასაფორმებლად – აგური. მშენებელი, როგორც ჩანს, გამოცდილი ოსტატი ყოფილა, რაც იგრძნობა პროპორციებსა და სამხრ. ფასადის ხუროთმოძღვრულ გადაწყვეტაში, აგურის წყობით გამოყვანილ მორთულობაში. სართულებს შორის ასასვლელები დატანებულია კედლებში.
სოფლის მახლობლად, ქედზე არის V–VI სს. სამონასტრო კომპლექსი.
ლიტ.: გიულდენშტედტი ი., მოგზაურობა საქართველოში, ტ.1, თბ., 1962; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ.4, თბ., 1973.
ა. მათიაშვილი
ლ. მენაბდე
შ. საღარაძე