ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, ე ვ რ ო ბ ა ნ კ ი (European Bank for Reconstruction and Development – EBRD), საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, შეიქმნა 1990. ბანკის აქციონერია (2010 წ. მონაცემებით) 61 ქვეყანა და ორი სამთავრობათაშორისო ინ-ტი (ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი), კერძოდ: ევროპის ყველა სახელმწიფო, აშშ, კანადა, მექსიკა, მაროკო, ეგვიპტე, ისრაელი, იაპონია, ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა, მონღოლეთი, თურქეთი, საქართველო (1992-იდან), ბალტიისპირეთისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ყველა ქვეყანა. ევრობანკმა ოპერაციების წარმოება დაიწყო 1991-იდან და 2010 წლისათვის საქმიანობას ეწევა 29 ქვეყანაში. მისი შტაბბინა განთავსებულია ლონდონში. ევრობანკის მიზანია ფინანსურად დაეხმაროს ცენტრ. და აღმ. ევროპის, აგრეთვე დსთ-ის ქვეყნებს საბაზრო ეკონ. განვითარებაში. ევრობანკი უმსხვილესი დამოუკიდებელი ინვესტორია, რ-იც, საკუთარი თანხების გამოყოფის გარდა, იზიდავს მნიშვნელოვანი მოცულობის პირდაპირ უცხ. ინვესტიციებს. ბანკი აფინანსებს როგორც ახალწამოწყებული საქმიანობის, ასევე არსებული ბიზნესის პროექტებს, თანამშრომლობს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორთან და აქვს დაფინანსების ფართო სპექტრი (სესხების გაცემა, კაპიტალის შექმნაში მონაწილეობა, ბანკებისათვის საკრედიტო ხაზების გახსნა და სხვ.). ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი, კერძოდ თბილისში, ევრობანკის წარმომადგენლობა 1997 წ. ნოემბერში გაიხსნა. 2006 წ. ოქტომბერში ევრობანკმა თბილისში კავკასიის რეგიონული ცენტრი დააფუძნა. 1994-იდან 2010-ის ჩათვლით მის მიერ საქართველოში ხელმოწერილი და განხორციელებული ინვესტიციების მოცულობამ 1453 მლნ. ევრო შეადგინა, მ. შ. 46,5 მლნ. განკუთვნილი იყო გარდაბნის, ენგურისა და მცირე ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციისათვის, 80 მლნ. – 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისათვის, 26,4 მლნ. – აეროპორტის რეაბილიტაციისათვის, 13,9 მლნ. – საქართველოს რკინიგზისათვის, 18,5 მლნ. – მუნიციპალური სექტორის, 101,2 მლნ. – სოფ. მეურნეობის სექტორის, 805 მლნ. – ფინანს. სექტორის, 35 მლნ. – მრეწველობის განვითარებისათვის (1 ევრო=1,34 აშშ დოლარს, 2010 წ. 31. XII) და სხვ.
ვ. ზურაბიშვილი