მარტყოფის ბრძოლა 1625, ქართლ-კახეთის ლაშქრის ბრძოლა ყიზილბაშ დამპყრობთა წინააღმდეგ ქართლ-კახეთის აჯანყების (1625) ერთ-ერთი ეპიზოდი. მარტყოფის ველზე დაბანაკებული ყიზილბაშთა დიდი არმია ყარჩიხა-ხანის სარდლობით კახეთის მოსახლეობის ერთიანად გასაწყვეტად ემზადებოდა. ქართლ-კახეთი გ. სააკაძისა და დ. ჯანდიერის მეთაურობით აჯანყებისათვის მზად იყო. ქართლ-კახეთის მესვეურთა გეგმით, აჯანყებულები დათქმულ დროზე მოულოდნელად უნდა შესეოდნენ ირანელთა ბანაკს, ხოლო გ. სააკაძესა და მის მხლებლებს, რ-ნიც ირანელთა ბანაკში იმყოფებოდნენ, მოულოდნელი დარტყმით ჯარის სარდლები უნდა დაეხოცათ. მტრის ბანაკში ასევე იყო სააკაძის შვილი ავთანდილი, თავადიშვილები – ელია დიასამიძე და პაატა ხერხეულიძე, გლეხი პაპუნა ვაშაყაშვილი.
25 მარტს, გარიჟრაჟზე, ხარება დღეს, ქართლ-კახეთის ლაშქარი მტრის ბანაკს მიუახლოვდა. ხმაურზე გუშაგებმა განგაში დასცეს. ირანის ჯარის სარდლობამ სასწრაფოდ თავი მოიყარა ყარჩიხა-ხანთან და გ. სააკაძე იხმეს. შეკრებისთანავე, გ. სააკაძემ ყარჩიხა-ხანი განგმირა, ხოლო სანამ ირანელთა სარდლობა გონს მოვიდოდა, სააკაძის მხლებლებმა მათ ბოლო მოუღეს. ამასობაში ქართველთა ჯარი, რ-საც ზურაბ ერისთავი მეთაურობდა, ბანაკში შეიჭრა. ბრძოლა მთელი დღე გაგრძელდა და გვიან ღამით აჯანყებულთა გამარჯვებით დამთავრდა. მტრის ბანაკიდან, რ-შიც 30 ათ-მდე ყიზილბაში იყო, მხოლოდ 3 ათასმა უშველა თავს გაქცევით. ქართლ-კახეთის მოსახლეობა ამჯერადაც გადარჩა ამოწყვეტასა და აყრა-აოხრებას. შაჰ აბას I-ის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს გ. სააკაძის ვაჟს – პაატას, რ-იც მძევლად იყო ირანში.
აბას I-მა დაიწყო სამზადისი საქართველოში დიდი სადამსჯელო ლაშქრობის მოსაწყობად. გ. სააკაძე და თეიმურაზ I თავდაცვისათვის ემზადებოდნენ (იხ. მარაბდის ბრძოლა 1625).
წყარო: ვახუშტი აღწერა სამეფოსა საქართველოსა წგ.; ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც, ტ. 4, თბ., 1973; გორგიჯანიძე ფ., საქართველოს ისტორია, ს. კაკაბაძის გამოც., „საისტორიო მოამბე“, 1925, [ტ.] 2; იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, ს. ჯიქიას გამოც., თბ., 1964; ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ, ვ. ფუთურიძის გამოც., თბ., 1969.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1964; ჯამბურია გ., გიორგი სააკაძე, თბ., 1964.
გ. ჯამბურია