მარტყოფის ღვთაების მონასტერი

მარტყოფის ღვთაების მონასტერი

მარტყოფის ღვთაების მონასტერი, მონასტერი ისტორიულ ქვემო ქართლში, სოფ. მარტყოფის (ახლანდ. გარდაბნის მუნიციპალიტეტი) მახლობლად, თბილისიდან აღმ-ით 25–27 კმ-ზე. დაარსებულია VI ს. II ნახევარში ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთის – ანტონ მარტყოფელის მიერ. წერილობით წყაროებზე დაყრდნობით პლატონ იოსელიანი აქ პირველი ტაძრის აგებას ვახტანგ გორგასალს (V ს.) უკავშირებს. კომპლექსი მთის კლდოვან თხემზე მდებარეობს და სხვადასხვა დროს ნაგები რამდენიმე ტაძრის (ღვთაების, ღვთისმშობლის, წმ. გიორგისა და წმ. მამა ანტონის), მცირე სამლოცველოების, სალოცავი სვეტის, სამრეკლოს, საბრძოლო კოშკის, მონაზონთა სენაკების, სატრაპეზოსა და სხვა სამეურნეო ნაგებობებისაგან შედგება. მონასტრის გარშემო ძველი გალავნის ნანგრევებია შემორჩენილი (ვახუშტი ბატონიშვილი გალავნის შესახებ აღნიშნავს: „გარ ზღუდე-გოდოლისანი, მგზავსი ციხისა“). მონასტერთან მისასვლელი საავტომობილო გზა ჩრდ-იდანაა.

მონასტერში გადარჩენილ ნაგებობათა შორის უადრესია მის აღმ-ით, ძნელად მისასვლელი კლდოვანი მასივის თავზე აღმართული ანტონ მარტყოფელის სვეტი, სადაც ხალხს განრიდებულმა წმ. მამამ ცხოვრების ბოლო წლები გაატარა. შერჩენილი ზურგიანი სვეტის გეგმისა და ნაწილობრივ გადარჩენილი დას-ის კედლის მიხედვით სამსართულიანი სვეტი თლილი ქვიშაქვით სრულადაა აღდგენილი (აქ რამდენიმე სამლოცველოა).

კომპლექსის დომინანტია ღვთაების „ხელთუქმნელი ხატის“ გუმბათიანი ტაძარი, რ-იც ქრონოლოგიურად წმ. სვეტის თანადროულად (სავარაუდოდ, VI ს. ბოლოს) იყო აგებული. გადმოცემით, ამ ტაძარში ესვენა წმ. ანტონ მარტყოფელის მიერ ედესიდან ჩამობრძანებული, კეცზე გამოსახული ხელთუქმნელი ხატი, რ-იც თემურლენგის 1395 შემოსევის შემდეგ დაიკარგა. მონასტერი არაერთხელ დაზიანდა და განახლდა, მაგ., IX ს-ში ან XVII–XVIII სს. მიჯნაზე მონასტერი და გუმბათიანი ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ. დღევანდელი ეკლესია ძირითადად 1848–56 წლებშია აღდგენილი, რ-ის დროსაც ინტერიერი სრულად გაიწმინდა და მოიხატა (ამ დროს განადგურდა ძვ. ფერწერის ფრაგმენტები, ვახტანგ გორგასლისა და დავით აღმაშენებლის პორტრეტები). ეკლესიის გარე კედლები თბილი ტონალობის თლილი ქვითაა შემოსილი, რ-შიც ძვ. ეკლესიის ცალკეული ფრაგმენტებია ჩაყოლებული. ტაძრის კედლები წრეთარგითა და ლილვით შედგენილი ლავგარდანითაა დასრულებული, გუმბათის ყელი კი დეკორატიული თაღებითაა გაფორმებული. სარკმლები გლუვლილვიან ჩარჩოშია ჩასმული. გუმბათის ყელის ლავგარდანი მაღალია. ლავგარდნის წრეთარგზე ამოკვეთილია გადაბმული რგოლების ორმაგი ჯაჭვი. ტაძარში ორი შესასვლელია – სამხრ-იდან და დას-იდან. ტაძრის ჩრდ. მკლავში წმ. ანტონ მარტყოფელის საფლავია (საფლავის ქვის წარწერა შესრულებულია XIX ს-ში). ეკლესიის სარდაფში შემორჩენილია საძვალე. მონასტრის სხვა ეკლესიები და სამლოცველოები დარბაზული ტიპისაა.

მონასტრის შუა ნაწილში დგას სწორკუთხა გეგმის (7,4×6,6 მ) ოთხსართულიანი სამრეკლო, რ-ის ქვედა სამი სართული ქვითაა ნაგები, მორთულობა და კონსტრუქციული ელემენტები კი აგურითაა გამოყვანილი. მეოთხე, დამაგვირგვინებელი სართული მთლიანად აგურით ნაგები ექვსსვეტიანი ფანჩატურია, რ-იც მაღალი სამნაწილიანი კარნიზითა და პირამიდული სახურავით სრულდება. სამრეკლოს სამხრ. კედელში ქვაზე შესრულებულ წარწერაში ნახსენებია მშენებელ-კალატოზი: „აშენდა სამრეკლო ესე ხელითა ქალატოზისა ახვერდასითა....“. ჩრდ. კედლის წარწერის თანახმად, სამრეკლო 1699 აუგიათ მარტყოფის „საჭეთმპყრობელის ...ზაქარია ენდრონიკაშვილის...“ ბრძანებით.

XI ს-იდან მონასტერი რუსთველი ეპისკოპოსის სამწყსოში შედიოდა, XIII ს-ში საეპისკოპოსო კათედრა რუსთავიდან აქ გადმოვიდა და XIX ს-მდე ინარჩუნებდა საეპისკოპოსო ცენტრის ფუნქციას. მონასტერი იყო კულტ.-საგანმან. კერა, სადაც იყო სკოლა. მ. ღ. მ. მოქმედი იყო 1934-მდე. XX ს. 50-იანი წლების დასაწყისიდან აქ ფუნქციონირებდა ბავშვთა თავშესაფარი, დასასვენებელი სახლი, მილიციის საზაფხულო სასწ. სკოლა და ა. შ.

საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 1989 მარტყოფში სამონასტრო ცხოვრება განახლდა. აღდგენილია ძვ. სატრაპეზო და სენაკები. დღევანდელ მოთხოვნათა გათვალისწინებით მონასტერს თანამედროვე შენობებიც დაემატა.

ლიტ.: კეკელიძე კ., საკითხი სირიელ მოღვაწეთა ქართლში მოსვლის შესახებ, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ.] 1, თბ., 1956; მათიაშვილი ა., მარტყოფის ისტორიის შესახებ, „მაცნე", 1963, № 1; ანტონ მარტომყოფელი, წგ.: ხოფერია ლ., სულავა ნ., საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ტ. 1, თბ., 2015; Иоселиани Пл., Описание Марткопскаго монастыря, Тфл., 1847; Сабинин М. П., Рай Грузии, Спб., 1882.

ნ. ანდღულაძე

გ. მარსაგიშვილი