მარუშისძე ივანე (იოანე), დასავლეთ საქართველოს დიდი ფეოდალი X ს-ში, აფხაზთა მეფის მოხელე – ქართლის ერისთავი X ს. 70-იან წლებში. მან 976 დავით III კურაპალატს შესთავაზა ან თვითონ შეეერთებინა ქართლი, ან თავისი შვილობილი ბაგრატ გურგენის ძე დაესვა მის გამგებლად. დავითმა, მართლაც, ქართლის გამგებლად დასვა ბაგრატი. მ-ს ამ შემთხვევაში ამოძრავებდა საკუთარი ფეოდ. და სამოხელეო ინტერესები: ქიშპი ქართლის გამგებლობისათვის „ქართლის უფლებთან“ – ტბელებთან და კახეთის ქორეპისკოპოსთან. 978 მ-მ ბაგრატი, როგორც აფხაზთა მეფის შვილიშვილი დედის მხრიდან, აფხაზთა (დას. საქართველოს) მეფედ დასვა. ამით მან პროგრესული როლი ითამაშა საქართვ. გაერთიანებისათვის ბრძოლაში და ხელი შეუწყო ამ პროცესის დაჩქარებას.
წყარო: მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.
ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად), ტ. 2.
ნ. შოშიაშვილი